თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები გრძელდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მოადგილესთან, ირაკლი ნაფეტვარიძესთან და მხარის გუბერნატორის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან ერთად, თელავში წყალმომარაგების მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები, 124 კორპუსში 4 124 აბონენტი უკვე გამრიცხველიანდება. დასრულების ეტაპზეა თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოებიც. გარდა ამისა, იწყება „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები.
გიგა მანდარია, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
„თელავში ერთდროულად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პირველი პროექტი, უკვე დასრულების ფაზაშია და ითვალისწინებდა კორპუსების გამრიცხველიანებას, სამი ჭაბურღილის დამატებასა და რეზერვუარის რეაბილიტაციას. ასევე, ვიწყებთ „წიწმატიანის“ ახალი სათავე ნაგებობის მოწყობას, რაც საბოლოოდ გადაჭრის თელავში წყალმომარაგების პრობლემას. პარალელურ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლიდან თელავში წყალმომარაგების პრობლემა აღარ იქნება“ – განაცხადა გიგა მანდარიამ.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს წყლის მიწოდება საგრძნობლად გაუუმჯობესდება. საერთაშორისო პროექტის განხორციელების შედეგად კი თელავი სრულად გადავა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.