კახი კავსაძის ძმა: ძალიან კარგად მკურნალობენ – ჩვენ ერთად დავინფიცირდით, განსხვავება ის არის, რომ მე შედარებით იოლი ფორმით მაქვს ყველაფერი
“ძალიან კარგად მკურნალობენ, როცა კახი გამოჯანმრთელდება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება”, – ამის შესახებ მსახიობ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს.
,,ამ ეტაპზე, კახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობა შედეგიანად მიმდინარეობს და უახლოეს დროში აბსოლუტურად გამოჯანმრთელდება. ის ამჟამად რეანიმაციაშია და ტელეფონი არ აქვს, ამიტომ ვერ ვუკავშირდებით. მხოლოდ ექიმის მეშვეობით ვეხმიანებით, ის გვეუბნება, როგორ არის
და ჩვენ მისი გვჯერა. ძალიან კარგად მკურნალობენ. როცა კახი გამოჯანმრთელდება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. კახი კარგი ძმაა, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური, შევაბერდით ერთმანეთს, ყველა თემაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ისეთი დედა გვყავდა, მასზე საუბარი არ გვბეზრდება… მან ერთმანეთისა და ნათესავების სიყვარული შთაგვინერგა.
პატრიარქმა უდიდესი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში… ეს იყო სასწაული და მე ამის მოწმე ვიყავი.
წლების წინ კახის ოპერაცია დასჭირდა… ოპერაციამდე კი პატრიარქმა დალოცა და ისე გაუშვა საზღვარგარეთ. იქ ოპერაციის წინ რომ ნახეს, უთხრეს, აქ არაფერია ხელმოსაკიდი, წადი სახლშიო…
კახი რომ ჩამოვიდა, მაშინვე ეახლა პატრიარქს და ყველაფერი უამბო. მთელმა საპატრიარქომ იცის ეს ამბავი. ილია მეორე მართლაც უწმინდესია და სასწაულთმოქმედი. როცა კახი მას ახსენებს, ყოველთვის ფეხზე დგება. ქართველი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი დიდი პიროვნება მოუვლინა. ის ჩვენი ერის სულიერი მამაა”, – განაცხადა იმერი გავსაძემ.
კახი კავსაძის ძმამ დაინფიცირების შესაძლო ვარიანტზე ისაუბრა.
,,ძნელია თქმა… ჩვენ მაინც გავდიოდით გარეთ. მას უამრავი ადამიანი ხვდება… კი, ვცდილობდით, დისტანცია დაგვეცვა, პირბადეც ყოველთვის გვეკეთა, მაგრამ… ჩვენ ერთად დავინფიცირდით, განსხვავება ის არის, რომ მე შედარებით იოლი ფორმით მაქვს ყველაფერი. ტესტი რომ გავიკეთეთ, მაშინვე დადებითი პასუხი აჩვენა, ამიტომ, უკვე მერამდენე დღეა, მეც და ჩემი მეუღლეც იზოლაციაში ვართ. აივნიდან თუ გავიხედავ და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ – ეს არის და ეს. პროდუქტი მოაქვთ და კართან გვილაგებენ. ყველამ უნდა დავიცვათ წესები, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ახლობლებს. გვერდში უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მედიკოსებს და შეძლებისდაგვარად შევუწყოთ ხელი, რომ ეს პანდემია გადავაგოროთ.
კახიზე ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ ღმერთმა გადაგვარჩინა”, – განაცხადა იმერი კავსაძემ.