„საქართველო სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, ეს დიდი სიგნალია ჩვენი პარტნიორებისთვის“ – ვახტანგ ჭარაია

“საქართველო სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, ეს საკმაოდ დიდი სიგნალია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია Trace International – ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ჭარაიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით კოვიდპანდემიის ფონზე საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიურ პერსპექტივებს აჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭარაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მინდა, გამოვეხმურო ერთ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ესაა Trace International-ის კორუფციასთან მიმართებით ინდექსი, რომელიც ცხადყოფს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 200 ქვეყნიდან საქართველო ევროპაში მე-19 ადგილზე იმყოფება. ხოლო უშუალოდ სამთავრობო კორუფციის რისკის მიხედვით ევროპაშიც პირველ ადგილზეა. შესაბამისად, ეს კარგი სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე – საერთაშრისო სარეიტინგო ორგანიზაცებისთვის, რომ საქართველო, მიუხედავად ამ რთულ პერიოდში გამოწვევებისა, უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც კორუფციასთანაა დაკავშირებული. ცალკეული ნაბიჯებით პოზიტიური მიმართულებისკენ წინ მიდის და სამთავრობო კორუფციის რისკის არქონის მიხედვით ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ეს საკმაოდ დიდი სიგნალია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთის. განსაკუთრებით, კოვიდის ფონზე ეს საკმაოდ პოზიტიურ პერსექტივებს აჩენს საქართველოსთვის“, – განაცხადა ჭარაიამ.
ცნობისთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„Trace International – ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა.
2020 წლის Trace Matrix „კორუფციის რისკის მატრიცის” რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი განმარტებით, რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით.

„რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს.

ყველაზე კარგი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება” – ამ აგრეგატში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას, ხოლო 100 ქულა კორუფციის მაღალ რისკს.
მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 17 ქულა, რომელიც ემყარება მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალ დონეს (1 ქულა), კორუფციის დაბალ მოლოდინსა (35 ქულა) და დაბალ მარეგულირებელ ტვირთს (28 ქულა).
აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა, იაპონია, ლუქსემბურგი, ირლანდია, აშშ, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, მეზობელი ქვეყნები და სხვ.
ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულების კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 39 ქულა, რომელიც ეფუძნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ძალიან მაღალ ხარისხს (36 ქულა) და კანონმდებლობის აღსრულების ზომიერ ხარისხს (42 ქულა).
ინდიკატორში საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს და ა.შ.
“მთავრობა და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობის” კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 26 ქულა, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალე მთავრობას (27 ქულა) და ჯანსაღ, გამჭვირვალე სამოქალაქო მომსახურებას (24 ქულა). აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო უსწრებს იტალიას, ისრაელს, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს და ა.შ.
„სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობის” კომპონენტში საქართველოს მინიჭებული აქვს 28 ქულა, რომელიც ეფუძნება პრესის თავისუფლების მაღალ დონესა (24 ქულა) და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაღალ ხარისხს (34 ქულა). აღნიშნულ ინდიკატორში საქართველო წინ უსწრებს რუმინეთს, უკრაინას, მოლდოვას, სერბეთს, უნგრეთს, სინგაპურს, რუსეთს, თურქეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს და სხვ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მათი განმარტებით, TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნესასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში.
„რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.
რეიტინგის 4 კომპონენტს მინიჭებული აქვს შესაბამისი წონები, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის კომპონენტის წონა ყველაზე მაღალია და 40%-ს შეადგენს, შეკავება 15%-ს უტოლდება, გამჭვირვალობა – 22,5% და ზედამხედველობა 22,5%-ს შეადგენს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები