ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ბაზარზე პურის ფასის შესანარჩუბებლად სახელმწიფოს ჩარევას ითხოვს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, ასევე, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის განცხადებით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილისა და პურის ბაზრებზე რთული ვითარებაა შექმნილი. მიზეზად კოვიდ პანდემია და ხორბლის შედარებით მცირე მოსავალი სახელდება.

“2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რომლებიც მსოფლიომ განიცადა „კოვიდ-19“-ის მომდინარეობით, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად, მსოფლიო ბალანსისა და, შესაბამისად, ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.
გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირველი ტალღის (მარტი-აპრილის თვეებში) პერიოდში მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევებზე გამკლავება, პირველ ყოვლისა, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით,
რამაც საშუალება მოგვცა, იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგი მიგვეღო და მივსულიყავით ივლისის თვემდე, ანუ 2020/21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება როგორც, იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად 200$/ტონის ფარგლებში სექტემბრის თვემდე. თუმცა, შემდგომ თვეებში ხორბლისა და, შესაბამისად, ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.

მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრის თვიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება, კერძოდ :

1. მსოფლიო ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6 -ში დაფიქსირდა მოსავლისა და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება.
რუსეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნების პრობლემები, შედეგად, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება

2 .მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30 %-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.

3. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.

4 . შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე .

მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით , ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ხორბლისა და ფქვილის მეარმოებელთა ასოციაციისა და პურის მრეწველთა კავშირის განმარტებით, საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონიდან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად, დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებით და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს.

„მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი 270$/ტონა. შესაბამისად, ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფქვილისა და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალისხმევას არ დააკლებენ, რათა საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებული იქნას ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები