„ფაშისტთა საზიზღარი შიკრიკი მამალაძე“ – ექიმი, რომელიც საბჭოთა სისტემამ იმსხვერპლა

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ასეთი მსხვერპლები იყვნენ ექიმი გიორგი მამალაძე და მისი მეუღლე ელენე მოლჩანოვა.


ამონარიდი გაზეთ „კომუნისტში“ 1937 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილიდან:

ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი, ფაშისტთა საზიზღარი შიკრიკი მამალაძე და გარეწარი ცომაია შეეცადნენ ყურადღება არ მიექციათ საქართველოს ბოლშევიკთა ნაცადი ხელმძღვანელის, ლ.პ. ბერიას ბრძნული მითითებებისათვის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.

გიორგი მამალაძე დაიბადა 1891 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხევში. 1910 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1919 წელს. სტუდენტობისას მოხალისედ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის რაზმის შემადგენლობაში. 1919-1925 წლებში მუშაობდა კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში ანაპა-სოჭის შავი ზღვის სანაპირო მიდამოებში სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების მოწყობაზე, იყო ერთ-ერთი რაიონალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. საქართველოში დაბრუნდა 1926 წელს და დაინიშნა ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის საკურორტო სამმართველოს უფროსად. რამდენჯერმე მიავლინეს ევროპაში საკურორტო საქმიანობის განვითარების გაცნობისთვის. ითვლება ქართულ კურორტოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად, მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე სამედიცინო კურორტი. 1927 წელს დაინიშნა ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ. პარალელურად იყო ჟურნალ „საბჭოთა მედიცინის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარე. 1934 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის კომისრად.

გიორგი მამალაძე დააპატიმრეს 1937 წლის 8 ივლისს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე განუსაზღვრა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს იმავე დღეს.

მის დაპატიმრებას ჯანდაცვის სფეროში რეპრესიების მთელი სერია მოყვა. სამედიცინო დაწესებულებებში, მამალაძის კონტრრევოლუციური წევრობის ბრალდებით, მრავალი მედიკოსი დააპატიმრეს, რამაც მთელ სისტემას დიდი პრობლემები შეუქმნა.

1937 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს გიორგი მამალაძის მეუღლე – ელენე მოლჩანოვა-მამალაძე, ინგლისური ენის სპეციალისტი. მას, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრს, მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები