ლევან თარხნიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან მეორე ტურში ცალსახად დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია და, შესაბამისად, ველოდებით პასუხს იქედან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის.

მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლა არ არის ულტიმატუმი, ეს არის წინადადება.

„ჩვენი პოზიცია, რომელიც არაერთხელ დააფიქსირა „ევროპულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა, არის მყარი და ცალსახა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე – როდის და როგორ გაიმართება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რა წესით დაკომპლექტებული ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს ამ არჩევნებს.

ამის წინაპირობებია ახალი არჩევნების პრინციპის მიღება, პრინციპული თანხმობის მიღება მთავრობიდან. ასევე, ამის წინაპირობაა ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბოიკოტს და არ შევდივართ პარლამენტში, რადგან არაფერი გვესაქმება პარლამენტში, რომელიც იმ წესით აირჩა პირველ ტურში. ასევე, არსებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც დავდეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების პირველ და მეორე რაუნდზე.

დღეის მდგომარეობით, ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რადგან მეორე ტურში ცალსახად დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია და, შესაბამისად, ველოდებით პასუხს იქედან. იქედან თუ ისევ აბსურდული პასუხი მოვა, მაშინ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია. დღევანდელი ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები