ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი: აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს – ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა იღუპება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რომელზეც მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს, სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული.
მისი თქმით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონები უნდა შეიცვალოს.
„პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლავს თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა, აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ“, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.