2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას.

„კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას „სახელმწიფოს მოღალატე“ უწოდეს და წაიყვანეს მანქანით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის შედეგად. მისი თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული თითები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წინასწარი გამოძიება როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტზე და ჩაატარა წინასწარი საგამოძიებო ღონისძიებები, რის შემდეგაც საქმე გადაეცა პროკურატურას.

ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მოგვიანებით პროკურატურას გადაეცა, გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ – სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას.

ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება მე-2 მუხლის არსებით ნაწილს, სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, რომ სამართალდამცველთა მიერ როინ შავაძის მიმართ ძალა გამოყენებულ იქნა მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი მომჩივნის დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები