თურქეთი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შესყიდვას გეგმავს
თურქეთში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ დამზადებული ვაქცინის 20 მილიონი დოზის შესყიდვას გეგმავენ.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, თურქეთის მთავრობა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Pfizer და BioNTech-თან მათი პრეპარატის შეძენის შესახებ.
“დეკემბერში ჩინური ვაქცინის, სულ მცირე, 10 მილიონი დოზის შეძენას შევძლებთ. გვინდა ამ რიცხვის გაზრდა. იმავე რაოდენობის შესყიდვა მოხდება იანვარში. რიცხვი შეიძლება, მარტივად გაორმაგდეს. კონტრაქტს ხელი ერთ-ორ დღეში მოეწერება”, – თქვა მინისტრმა, ქვეყნის პარლამენტში გამოსვლის დროს.
ჩინური კომპანიის Sinovac Biotech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ი, ასევე კიდევ ოთხი სხვადასხვა ჩინური ვაქცინა ცდების ბოლო სტადიაზე იმყოფება, რომ საბოლოოდ მოხდეს მათი ეფექტურობის განსაზღვრა.
გუშინ კი ამერიკულ კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95%-ის ეფექტურობას აჩვენებს, ანალოგიური განცხადება კვირის დასაწყისში გაკეთდა აშშ-ის კომპანია Moderna-ში.