„საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებში გამორჩეულ ქვეყნად მოიაზრება“ – ლევან ნიკოლეიშვილი მაიკ პომპეოს ვიზიტს აფასებს

“საქართველოსთან მიმართებით, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოხდა, რა თქმა უნდა, განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, გარკვეულ დახმარებებზეცაა საუბარი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-სთვის საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებში გამორჩეულ ქვეყანად მოიაზრება.

„ეს ვიზიტი მოიცავდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრის ტურნეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო მოიაზრება სტრატეგიულ პარტნიორებში გამორჩეულ ქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნები დამთავრდა და იქ ჯერ კიდევ არის გარკვეული დაძაბულობა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, აშშ-ის პოლიტიკა მათი სტრატეგიული პარტნიორების მიმართებით არ იცვლება.
საქართველოში მეორე მომენტია აღსანიშნავი: ვიცით, რომ რეგიონში საკმაოდ სერიოზული მოვლენები დატრიალდა ცოტა ხნის წინ. ვგულისხმობ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას ყარაბაღთან დაკავშირებით. ამ ფონზე, საქართველო ერთგვარ კარგ კუნძულად ჩანს, რომელიც ამერიკასთან კვლავ ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას. განსაკუთრებულ ნიშნულზეა აყვანილი გარკვეული საკითხები.
იმის მიხედვით, რა განცხადებებიც გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით და, ასევე, თუ რა განცხადებები გააკეთა თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთან მიმართებით კიდევ ერთხელ მოხდა მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა, რა თქმა უნდა, განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, გარკვეულ დახმარებებზეცაა საუბარი“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ანალიტიკოსი იმ აქციებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პომპეოს ვიზიტის პარალელურად გამართეს.

„ამ ფონზე არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები, არ გამოვეხმაუროთ იმ აქციებს, რომელიც მიმდინარეობდა პომპეოს ჩამოსვლის დღეს, საღამო ხანს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაგეგმა აქციები. ტრანსფარანტებით დახვდნენ პომპეოს ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე. თუმცა, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ სასაცილოდაც ჩანდა ეს ყველაფერი, ვინაიდან პომპეოს იქ არ გაუვლია და არც გაივლიდა. ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ჩადიან, განსკუთრებით მაღალი ნიშნულზეა აყვანილი უსაფრთხოების ზომები. აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რომ ის და მისი ესკორტი არ გაივლის იმ ადგილას, სადაც რაღაც აქცია მიმდინარეობს, რაც  უნდა მშვიდობიანი იყოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის უსაფრთხო გზას ირჩევენ. ამ საკითხებში ჩართულია აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც კოორდინაციაში არიან მასპინძელი ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან.
მისი ვიზიტის მეორე დღეს, ე.წ. მდუმარე აქცია მიმდინარეობდა. ეს აბსოლუტურად გაუგებარი აქცია იყო. მით უმეტეს, პომპეოს მხრიდან არაფერი იხილებოდა საარჩევნო საკითხებთან მიმართებით. ცხადია, მას შეეერთებული შტატების ელჩისგან ამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები