დავით ბაქრაძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები დაისახა

“ჩვენ თანამშრომლობის ძალიან დიდი სპექტრი გვაქვს, რომელზეც ერთად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ამერიკაში საქართველოს ელჩმა,  დავით ბაქრაძემ კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო ისევე, როგორც – თავად მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი.

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები დაისახა. ყოველთვის სასარგებლოა ჩემი და ქალბატონი დეგნანის შეხვედრები. ეს ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას.

აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებები, ჩვენ თანამშრომლობის ძალიან დიდი სპექტრი გვაქვს, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ 2016 წელს მოვაწერეთ ხელი თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს, 2017 წლიდან ამოქმედდა საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა, ამას ყოველ 3 წელში ერთხელ ვაახლებთ და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ჩვენი თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება, ნატო-სთან თავსებადობა და შავი ზღვის უსაფრთხოებას,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები