სალომე სამადაშვილი: გამოსავალი არის იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც არჩევნების მიმართ დააბრუნებს საზოგადოებისა და მოქალაქეების ნდობას
“ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის გასაგები, მათ არ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი არის გამოსავალი. ეს არც ოპოზიციას არ მიაჩნია, რომ გამოსავალი არის ბოიკოტი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემა მივიღოთ.
„სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ განმტკიცდა ოპოზიციის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არის ბევრად უფრო საგანგაშო, ვიდრე ვინმეს ეგონა თავიდან. მეორე, აშკარად გამოიკვეთა ცესკო-ს როლი ამ არჩევნების მიმართ დაბალი ნდობის პრობლემაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს იმით, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენს ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემა.
ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის გასაგები, მათ არ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი არის გამოსავალი. ეს არც ოპოზიციას არ მიაჩნია, რომ გამოსავალი არის ბოიკოტი. გამოსავალი არის იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სხვანაირ არჩევნებს და არჩევნების მიმართ დააბრუნებს საზოგადოებისა და მოქალაქეების ნდობას. ამაზე ვთანხმდებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომელთანაც დღეს გაიმართა შეხვედრა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ.