დავით ზალკალიანი: სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ თუკი სადმე ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს
საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი და ამ პოზიციას მაიკ პომპეოც იზიარებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „მოამბეში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლების მხრიდან სრული მზაობაა, თუკი სადმე ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაიკ პომპეოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებზე, აღინიშნა და აქ იყო სრული თანხვედრა პოზიციებში, რომ ის პროცესები, რომელიც განვითარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ახალი რეალობა ჩვენი დემოკრატიული სიმწიფისთვის. იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის შემდგომი განცხადებები ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიზაციას განიხილავს, როგორც მიმდინარე პროცესს და ამ პროცესში არჩევნებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა არჩევნები ახალი სისტემით და ამ ახალი სისტემის შემუშავებაში ძალიან დიდი იყო ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ცხრა პოლიტიკური პარტია არასდროს ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციას ასეთი რაოდენობის მანდატები არასდროს ჰქონია, არასდროს ჩატარებულა არჩევნები ასეთი ახალი სისტემით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე აქტორებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და ამომრჩევლის ნებას პატივი სცენ.
ეს არის ის რეალობა, რომელიც წარმოიშვა, სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი დარჩეს პოლიტიკურ ჩარჩოებში და შევიდეს პარლამენტში.
სრული მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ თუკი სადმე ხარვეზი იყო საარჩევნო კანონმდებლობაში, გამოსწორდეს. ის არ გამოსწორდება ქუჩის აქციებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პარლამენტის შტურმით ხელისუფლების ცვლილების პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.