მარინა კალიურანდი: ღრმად მწამს, რომ ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეფერხდეს ინსტიტუტების გამართული მუშაობა, წარუმატებელია

“ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, კარგად ადმინისტრირებული და ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მთლიანობაში დაცული იყო”, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ განაცხადა.

ევროპარლამენტარი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების სურვილს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და შევიდნენ პარლამენტში.

„მსურს, გავიხსენო ევროპარლამენტის წინა შეფასება, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო დამკვირვებლების და ეუთო/ოდირ-ის მიერ განთავსებული გრძელვადიანი დამკვირვებლების დასკვნასთან, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, კარგად ადმინისტრირებული და რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მთლიანობაში დაცული იყო, დარჩენილი ხარვეზების მიუხედავად, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ყველა დასაბუთებულ აპელაციასა და საჩივარს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, უნდა გაეცეს პასუხი სამართლიანი, საფუძვლიანი და მკაცრი ფორმით, კანონის და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან პირველი ტურის შედეგებით, განაცხადეს თავიანთი განზრახვის შესახებ, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს და უარი თქვან პარლამენტში საკუთარ ადგილებზე. ღრმად მწამს, რომ ეს მიზანმიმართული მცდელობა – შეფერხდეს ინსტიტუტების გამართული მუშაობა, რაც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარუმატებელია.

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და აიღონ პარლამენტში საკუთარი მანდატები, რათა პატივი სცენ ქართველი მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ სურვილს.

მე გულწრფელად მივესალმები ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ეგიდით, დაძაბულობის განსამუხტად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანატიკური თანამშრომლობა არის გზა სტაბილურობისკენ და იმედიანად ვუყურებ ახალ პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობას”, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები