გიორგი კახიანი: დებატების მიმართ ოპონენტების რიტორიკაში შიში დავინახე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპონენტებს დებატებში მონაწილეობა აშინებთ.

მიუხედავად ამისა, კახიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან დებატები შედგება.

“ორი კვირა გავიდა საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ და ის სცენარი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საუბარი იქნებოდა გამოგონილ გაყალბებულ არჩევნებზე, ამას ვადევნებთ ახლა თვალს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას, ტყუილების გარკვეული ნიაღვარი იყო, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას აწოდებდნენ, ჩვენი მხრიდან კი დამაჯერებელი არგუმენტებით იყო საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის შეფასებები სრულიად უსაფუძვლოა. რა აღარ ვცადეთ! მათ შორის შევთავაზეთ ნებისმიერი უბნის გახსნა, სადაც ფიქრობდნენ რომ რაღაც კითხვის ნიშნები შეიძლება იყოს და ამაზე უარი ხომ იმას ნიშნავს, რომ კარგად იციან საარჩევნო ყუთებში არსებული ციფრები ზუსტად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ციფრებს. ესეც ერთგვარი ლუსტრაციაა და ჩვენი მხრიდან ერთგვარი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდით და დებატებში ვიმსჯელოთ არჩევნები თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა და მე მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების შეფასებები, რომლებმაც დიდი აღტაცება არ გამოთქვეს დებატების გამართვის შესახებ.

ამ დებატებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვინ არის მართალი და ოპოზიციას ამისი ეშინია. დებატების მიმართ მე მათ რიტორიკაში შიში დავინახე და იმედი მაქვს, რომ ეს დებატები მაინც შედგება. როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, ჰაერში ისვრიან სიტყვებს და ციფრების რახა-რუხი გვესმის, წარმოუდგენელ სტატისტიკაზე საუბარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ჩვენ ყველა ჩვენ მოსაზრებას კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული არგუმენტებით ვასაბუთებთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები