ალიევი: არ დავუშვებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფო შეიქმნას – ყარაბაღის სტატუსზე საუბარი ვერ იქნება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის რაიმე სტატუსზე საუბარი ვერ იქნება.
ამის შესახებ მან ფუზულის რაიონში განაცხადა.
“არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ, აზერბაიჯანის ძირძველ ტერიტორიებზე სომხეთის მეორე სახელმწიფო შეიქმნას. არაერთხელ მითქვამს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოლაპარაკებათა საგანი ვერ იქნება. ვამბობდი, რომ აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. იმასაც ვამბობდი, თუ მშვიდობიანი გზით არა, მაშინ – სამხედრო გზით. ვამბობდი ამ სიტყვებს და მათ უკან ვდგავარ”, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია.
“ყარაბაღის არანაირ სტატუსზე საუბარი ვერ იქნება. არსებობს ერთიანი აზერბაიჯანის სახელმწიფო, მრავალეროვნული, მრავალკონფესიონალური. არის პროგრესული აზერბაიჯანის სახელმწიფო, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი ნორმალურად ცხოვრობს, მშვიდობისა და ურთიერთგაგების გარემოში. სომეხი ხალხიც ასე იცხოვრებს, არაფერს ვერჩით სომეხ ხალხს”, – განმარტა ილჰამ ალიევმა.