ერევანი რუსეთთან ტელემაუწყებლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან აკოპიანის განცხადებით, რუსეთთან ტელემაუწყებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.

შეთანხმების მიხედვით, სავარაუდოდ, მოხდება რუსული მედიისთვის ორი რესპუბლიკური და ერთი ერევნის სიხშირის გამოყოფა.

მისი თქმით, კონკურსი 25 სიხშირეზეა გამოცხადებული, შედეგები იანვარში გახდება ცნობილი. აკოპიანის თქმით, კონკურსში გაიმარჯვებენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც საუკეთესო ბადეს წარადგენენ და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

სომხეთში უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეზღუდვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

კანონს “აუდიოვიზუალური მედიის” შესახებ ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა მოაწერა. შესაბამისი კანონპროექტი სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ მეორე მოსმენით 16 ივლისს მიიღო.

რესპუბლიკაში ამჟამად მაუწყებლობენ რუსული “პირველი არხი”, “რტრ პლანეტა”, “როსია კულტურა”, ასევე, ტელეარხი “მირ”.

როგორც ტიგრან აკოპიანი აცხადებდა, ეროვნული ციფრული მაუწყებლობიდან უცხო ქვეყნების ტელეკომპანიების ჩახსნა საჭიროა ინფორმაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ეროვნულ რეგულატორს დარღვევების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ტელეკომპანიებზე გავლენის მოხდენის მექანიზმები არ გააჩნია.

საკითხის კომენტირებისას სომხეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება მედიის სივრცეში მნიშვნელოვან ტრანსფორმირებას გამოიწვევს. მათივე თქმით, სიახლე “თამაშის ახალ წესებზე” შეთანხმებას მოითხოვს, რასაც ერევანი მოსკოვს შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები