საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ სერიოზული გეოსტრატეგიული პროცესები მიმდინარეობს რეგიონსა და სამეზობლოში, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ასევე – რეგიონისთვის.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია, აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდეს და გაუტოლდეს პოლიტიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას, რაც, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს საქართველოს მდგრად განვითარებას.
„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის; კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით და სხვ. ჩვენი სურვილია, საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ავიდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს ორი ძირითადი მიმართულება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს ჩვენს მდგრადობას, ჩვენს შესაძლებლობებს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც არის შექმნილი რეგიონში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.