გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც – საზოგადოებას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც – საზოგადოებას.

მისივე თქმით, ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა ვისაც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება, იყოს ხელისუფლებაში.

„ოპოზიციას, ისევე როგორც საზოგადოების უდიდეს ნაწილს, აერთიანებს ერთი მთავარი საკითხი, ეს არის ფუნდამენტური წესი – უმრავლესობის ნების გარეშე, რომელიც გამოხატული უნდა იყოს არჩევნებში ნების თავისუფლად დაფიქსირებით. არავინ შეიძლება, დარჩეს საქართველოს ხელისუფლებაში, არც ეს სამარცხვინო ხელისუფალი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა და არც – ამაზე უკეთესი მთავრობაც რომ იყოს. ეს არის, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აერთიანებს და ოპოზიციაც მისი ნაწილია. ამ ოპოზიციის შიგნით არის ერთი მსხვილი ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ამ მანიპულირებული შედეგებით სხვებზე უფრო დიდი შედეგი აჩვენა, სადღაც 27% და არის დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც პროტესტის ამ პროცესში მონაწილეობს და რომელსაც 16-17% აქვს, თუმცა, ჩვენ შორის არის სხვა, დიდი განსხვავებები და ეს შეეხება სააკაშვილის ფიგურასაც, მის საქციელს, დამოკიდებულებას, ოღონდ ეს მეორე საკითხი არ არის ცენტრალური საკითხი. მე მესმის, რომ ივანიშვილი პროპაგანდის ორგანოების მხრიდან, რომლებიც, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, აქაც არიან წარმოდგენილები, ამ საკითხზე ფოკუსირების ეს ინტერესი არსებობს, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი და საკითხების პირველ ხუთეულშიც არ ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციას არ აერთიანებს და არც – საზოგადოებას. ოპოზიციას აერთიანებს მთავარი საკითხი – არჩევნებზე უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ის ფიგურა შეიძლება, იყოს ხელისუფლებაში, სხვა დანარჩენი ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები