ზაალ უდუმაშვილი: არ ვიცი, მეორე ტურს ვისთან მართავენ, ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით უცვლელია.
როგორც უდუმაშვილმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი კონსულტაციის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასთან დიალოგის პროცესი იქნება.
“ოპოზიცია მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. მართლაც, სირცხვილია, იმ ფონზე, როგორც არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები გაიმართოს. ვისთვის მართავენ, არ ვიცი, საკუთარი თავისთვის, ალბათ. რაც შეეხება დღევანდელ კონსულტაციებს, ჩვენ ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს მოლაპარაკებები იქნება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.