ბიძინა ივანიშვილსა და კბილაშვილს შორის გარკვეულ საკითხზე აზრის სხვადასხვაობა იყო

   ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ პრემიერობის დროს მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შორის გარკვეულ საკითხზე აზრის სხვადასხვაობა არსებობდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ივანიშვილმა განმარტა, ერთ-ერთ ასეთ საკითხს მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენდა.
“ამ კანონპროექტზე ჩემი პრემიერობის ადრეული ეტაპიდან იყო მსჯელობა და ჩვენ დიდი სურვილი გვქონდა, რომ ეს უახლოეს დროში დაგვენერგა. გვსურდა, რომ დაჩქარებულიყო ეს პროცესი და ეს კანონი არ გადაგვეწია. საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდა, რამეთუ მიმდინარე პროცესები ძალიან რთული იყო და ბევრი პრობლემა ჰქონდა პარლამენტსაც და მთავრობასაც. ერთ-ერთი გახლდათ თუნდაც ეს საკითხი”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, მეორე მხრივ, კანონპროექტის იმ სახით მიღებას, როგორიც ის იყო, სასამართლოსა და პროკურატურის მუშაობაში შესაძლოა რაღაც ეტაპზე კოლაფსი გამოეწვია.
“გვურდა, რომ სასწრაფოდ შემოსულიყო ეს პრაქტიკა და მისი მიღება არ გადაწეულიყო, თუმცა ჩვენ არ გვქონდა ამის მზადყოფნა. მეორე მხრივ, იმ სახით ამ კანონის ძალაში შესვლას შესაძლოა სასამართლოს და პროკურატურის მუშაობაში რაღაც ეტაპზე კოლაფსი გამოეწვია”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, არჩილ კბილაშვილი “უფრო ადვოკატად რჩებოდა”, ვიდრე პროკურორად. “ჩემი აზრით, უფრო ადვოკატად რჩებოდა არჩილი. ის წლების განმავლობაში გახლავთ ადვოკატი. პროკურატურა კი რთული სტრუქტურაა. ამ სტრუქტურის რესტრუქტურიზაცია და გადაწყობა ყველაზე მეტად გაგვიჭირდა და ეს ჩანს კიდეც, მაგრამ, საერთო ჯამში, მგონია, რომ აქაც დაძლეულია ძირითადი პრობლემები”, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები