“ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩსა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგი გაგრძელდება და საზოგადოება მნიშვნელოვან შედეგს იხილავს.
„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ ვთქვით, რომ დიალოგი, საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არის და ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ, ჩვენი დიდი სურვილია, დავაახლოოთ პოზიციები“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მათ როლს დიალოგში.
„გავცვალეთ არგუმენტები, ყველას მოვუსმინეთ. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობა, მათ მნიშნვლოვანი მხარდაჭერა გამოხატეს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.
თალაკვძის თქმითვე, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი პოლიტიკური კონსულტაციების რაუნდი შედგება.
„უახლოეს დღეებში კიდევ ერთი პოლიტიკური კონსულტაციების რაუნდი შედგება. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებზეც განსხვავებული პოზიციებია, ჩვენი პასუხი არის მკაფიო – მოდით, ერთად გავამოწმოთ ყველა ის კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული.
ჩვენ გვაქვს გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას ისე, როგორც ეს კონსტიტუციაშია. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.