რუსეთის გავლენების ზრდა და თურქეთის მეორე ადგილი რეგიონში – ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სამხრეთ კავკასიაში

“სამხედრო ბალანსის შეცვლაზე მეტად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენის ბერკეტები გაიზარადა”, – ამის შესახებ „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა, დავით ბრაგვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბრაგვაძის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღეთ.

მანვე განმარტა, რას ნიშნავს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება კონფლიქტის მხარეებისთვის.

„პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ის სტატოსკვო, რომელიც არსებობდა ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე, როდესაც სომხეთი ახორციელებდა კონტროლს როგორც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ისე – მის გარშემო არსებულ, აზერბაიჯანის 7 რაიონზე, რაც,  ჯამურად, საკმაოდ სოლიდურ ტეორიტორიას მოიცავდა. საბოლოო შეთანხმების შედეგად, სომხეთი კარგავს კონტროლს შვიდივე რაიონზე და ინარჩუნებს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის, დაახლოებით, 2/3-ს. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სომხეთის კონტროლი ნარჩუნდება ყარაბაღის გარეთ, ესაა ე.წ. ლაჩინის კორიდორი, რომელიც წამრმოადგენს დამაკავშირებელ ზოლს სომხეთის რესპუბლიკასა და მთიან ყარაბაღს შორის იქედან გამომდინარე, რომ მათ შორის პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ არსებობს.
ცხადია, მძიმეა შედეგები სომხეთისთვის. განსაკუთრებით – სომხური საზოგადოებისთვის. ვინაიდან ყარაბაღი არის ის საკითხი, რომელზეც დათმობაც ყოველთვის საკმაოდ მტკივნეულად აღიქმებოდა მათთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება და მისი პირობები მიუღებელი აღმოჩნდა სომხური საზოგადოებისთვის, რაც აისახა კიდეც შეთანხმების ღამესვე სომხეთში განვითარებულ მოვლენებში, დემონსტრანტებმა დაარბიეს ადმინისტრაციული შენობები, პარლამენტის სპიკერი სასტიკად იქნა ნაცემი.
რაც შეეხება აზერბაიჯანს – აზერბაიჯნის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შეთანხმებას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. ნომერ პირველი პლუსი არის ის, რომ მათ მოახერხეს ტერიტორიული მთლიანობს ნაწილობრივი აღდგენა, დაკარგული ტერიტორიების სოლიდური ნაწილის დაბრუნება, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოქლის შიგნით. ქალაქი შუშა, რომელიც სტრატეგიული დატვირთვის მატარებელი ქალაქია, პრაქტიკულად, ერთადერთი სუფთად აზერბაიჯანული ქალაქი იყო ავტონომიური ოლქის შიგნით, გადადის აზერბაიჯანის კოტროლის ქვეშ. შუშადან დედაქალაქ სტეპანაკერტამდე ძალინ ცოტა მანძილია დარჩენილი. ამ შენათხმებას აქვს თავისი მინუსებიც – პირველ ყოვლისა, ეს კავშირდება რეგიონში რუსი სამშვიდოებოების გამოჩენას, რომლებიც მხარეებს შორის ჩადგებიან. აზერბაიჯანისთვის ძალიან ბუნდოვანი ხდება ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენის პერსპექტივა სამომავლოდ, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რუსეთმა მომავალში ყარაბაღის ტერიტორია მას მთლიანად დაუთმოს და ამით დაკარგოს გავლენის ბერკეტები როგორც სომხეთზე, ისე – აზერბაიჯანზე“, – განაცხადა დავით ბრაგვაძემ.

მისივე თქმით, საყოველთაო შიში იმის თაობაზე, რომ რეგიონში სამხედრო ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა, ცოტა გაზვიადებულია, რადგან ეს ბალანსი ისედაც დარღვეული იყო.

„შეთანხმების შედეგად, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღეთ სამხრეთ კავკასიაში. პირველ ყოვლისა, ეს დაკავშირებულია აქ რუსი სამშვიდობოების გამოჩენასთან. უნდა აღინიშნოს, საყოველთაო შიში იმის თაობაზე, რომ რეგიონში სამხედრო ბალანსი შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ, ცოტა გაზვიადებულია, რადგან ეს ბალანსი ისედაც დარღვეულია იმ პირობებში, როცა რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე, სომხეთში, გიუმრიში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად არაფერი გაზრდილა, თუმცა, თავისთავად ის, რომ 2 000 შეიარაღებული რუსი, თავის ჯავშანტექნიკით გამოჩნდა რეგიონში, ცხადია, თავისთავად შეშფოთებას იწვევს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კავკასიაში ერთადერთი კონფლიქტი იყო მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი არ იყო წარმოდგენილი,

როგორც სამხედრო ძალა და ეს რეალობაც იცვლება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანი იყო სამხრეთ კავკასიის ერთადერთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც არ იდგნენ რუსი სამხედროები, ეს რეალობაც იცვლება. სამხედრო ბალანსის შეცვლაზე მეტად, გაიზარადა რუსეთის გავლენის ბერკეტები რეგიონში. რუსეთს სომხეთზე გავლენის ბერკეტები ისედაც ჰქონდა, თუმცა, 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, როცა ფაშინიანის ხელისუფლებამ სცადა გარკვეული დისტანცირება მოსკოვისგან, იქ სტატუს კვო ოდნავ შეიცვალა და ახლა თითქმის მთლიანად ჩაიბარა რუსეთმა სომხეთი“, – განაცხადა ბრაგვაძემ.

მისივე თქმით, როცა ემოციები გადაივლის, სომხებიც ნათლად დაინახავენ იმას, რეალურად რა თამაში ითამაშა რუსეთმა, როგორ გაწირა სომხური სახელმწიფო, საზოგადოება.

„თუ სომხური საზოგადოება დაძლევს იმ ფსიქოლოგიურ ბარიერს, რაც უკავშირდება ამ შეთანხმების პირობებით ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დათმობას, თუ შეძლებს ფაშინიანის ხელისუფლების გადარჩენას და იქ არ განვითარდება ტრაგიკული პროცესები, ამ შემთხვევაში შეიძლება, ეს რუსეთისთვის გამოწვევადაც იქცეს, რადგან როცა ეს ემოციები გადაივლის, სომხებიც ნათლად დაინახავენ, თუ რეალურად რა თამაში ითამაშა რუსეთმა, როგორ გაწირა სომხური სახელმწიფო, საზოგადოება.
ცხადია, აზერბაიჯანზეც იზრდება რუსეთის გავლენის ბერკეტები იქედან გამომდინარე, რომ მომავალში აზერბაიჯანს მოუწვეს რუსი სამშვიდოებოების ბარიერის გადალახვა იმისთვის, რომ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცხადია, რუსეთი რეგიონში ძლიერდება. სამწუხაროდ, ასე გამოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კავკასიის დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის მორიგება. სამხრეთ კავკასიაში კონტროლის მექანიზმები რუსეთის სასარგებლოდ გაიზარდა.

საუბარია იმაზეც, რომ თურქი სამშვიდობოებიც იქნებიან მთიან ყარაბაღში, თუმცა, ეს მოსაზრება გარკვეულწილად მცდარია იმიტომ, რომ თურქეთი არ იქნება წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც რუსეთია წარმოდგენილი. აქ უფრო მისი სიმბოლური როლი ჩანს, როგორც აზერბაიჯანის პარტნიორის, „უფროსი ძმის“. მას გარკვეულწილად დამკვირვებლის სტატუსი ექნება შეთანხმების აღსრულების პროცესში. აქაც გამოჩნდა, რომ თურქეთი დასჯერდა საპატიო მეორე ადგილს რეგიონში“, – განაცხადა ბრაგვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები