„მომეწონა, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს"

  არავითარი უფლება არ მაქვს, გავაპროტესტო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ეს იყო სასამართლოს და არა – მთავრობის გადაწყვეტილება.
“თანამდებობა ქალაქის მერს შეუჩერა სასამართლომ. მე არავითარი უფლება არ მაქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაპროტესტო. ეს იყო არა ხელისუფლების, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილება. უფლებამოსილების შეჩერება არ არის, მგონი, საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესი მიდის. თუ სასამართლო არ იტყვის, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის დამნაშავეა”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მოსაწონია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდა. “პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, თუმცა არ დაუკმაყოფილა და მე სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიწონე. ძალიან მომეწონა, რომ წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, რადგან თუ არ არის ის მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წინასწარ პატიმრობას ფაქიზად უნდა მოვექცეთ და სასამართლომ ეს მოახერხა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით ნარმანია ძალიან კარგი მერი იქნება.
“ნარმანია მომწონდა და მომწონს. ძალიან კარგი მერი იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ. ის ძალიან წესიერი, მეურნე და პროფესიონალი კაცია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები