გიგა ბოკერია: გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადება გაუგებარი და დამაბნეველია, ველოდებით „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება გაუგებარია და დამაბნეველი.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში თუ არა. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება. ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ქვეყნისთვის ბევრად მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე – თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში, ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ არჩევნებში მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, ამ მანიპულაციების, დაშინების, ზეწოლისა და მანიპულაციების შედეგად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.