სომეხი ადვოკატები ფაშინიანის ქმედებაში სახელმწიფო ღალატის ნიშნებს ხედავენ

სომხეთის ადვოკატთა პალატაში აცხადებენ, რომ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ აქვს უფლებამოსილება, მოაწეროს შეთანხმებას ხელი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

როგორც პალატის თავმჯდომარე არა ზოგრაბიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, 9 პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტი საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს შეიცავს, შესაბამისად, პრემიერმინისტრს მისი ხელმოწერის უფლებამოსილება არ აქვს.

“კერძოდ, შეთანხმება შეეხება დაზავებას, ასევე, სატრანსპორტო არხების შექმნას სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, რომლის გავლით სომხეთის მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვებით შეეძლებათ ამ ტერიტორიებით სარგებლობა”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

​გარდა ამისა, ზოგრაბიანის თქმით, პრემიერმინისტრი არ არის უფლებამოსილი, ხალხის სახელით და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დოკუმენტს მოაწეროს ხელი.

“ჩემი აზრით, ვითარებიდან გამოსავალი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა, აღნიშნული დოკუმენტის არაკანონიერად ცნობა და არწახისა და სომხეთის თავდაცვის უზრუნველყოფა გაერთიანებული ძალებით”, – დაწერა მან.

თავის მხრივ, ადვოკატი ტიგრან ატანესიანი ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს რაიმე სახით სამართლებრივი საფუძველი კაპიტულაციის აქტის შესასრულებლად – “ამ ქაღალდს კანონიერი ძალა არ აქვს”.

ადვოკატი ქვეყნის გენერალურ პროკურორს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქმეშია სახელმწიფო ღალატის ცხადი ნიშნები. ასევე, მან მოუწოდა გენშტაბის უფროსს, ონიკ გასპარიანს, სამშობლოს ბედის გადაწყვეტა საკუთარ ხელში აიღოს, რადგან, იურისტის თქმით, ქვეყანაში მთავრობა არ არსებობს, ეროვნული კრება(პარლამენტი) კი გაუგებარ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები