არჩილ კაიკაციშვილი სააკაშვილზე: უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად ვერ ჩაერევა
უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ,,კვირას” განუცხადა.
მისი თქმით, დიალოგში ისეთი ადამიანები უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომლებთან მოლაპარაკებაც შესაძლებელია და არა – რადიკალებთან, რომელთა მიზანი მხოლოდ ხელისუფლების გადაბარების მცდელობაა და სხვა არაფერი.
“31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებმა. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, იმ 9 პარტიიდან, რომელიც 1%-იანი ბარიერის პირობებში დღეს საქართველოს პარლამენტში მოხვდა, ბევრს გაუჭირდება კვლავ საპარლამენტო მანდატის მოპოვება. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ გამოცხადდნენ, ამჯერად, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ის არ იქნება ოპოზიციურ პარტიათა ყულაბაში ჩაყრილი ხმები. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამხელა პროცენტით პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიცია უარს ამბობდეს საპარლამენტო ტრიბუნაზე და პოლიტიკურ კრიზისს ქმნიდეს სრულიად უმიზეზოდ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის საზიანოდ. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ეს იურიდიულად სრულიად წარმოუდგენელია. უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად ვერ ჩაერევა. თუ პოლიტიკური კონტექსტით ვისაუბრებთ, როგორც ყველაზე მეტი პროცენტის მიმღები ოპოზიციური პარტიის ლიდერზე, შესაძლოა, ვისაუბროთ, რომ თეორიულად სააკაშვილის ჩართვა დიალოგში შეიძლება, დავუშვათ. თუმცა, დიალოგში ისეთი ადამიანები უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომლებთან მოლაპარაკებაც შესაძლებელია და არა – რადიკალებთან, რომელთა მიზანი მხოლოდ ხელისუფლების გადაბარების მცდელობაა და სხვა არაფერი. ამიტომ, მისი მონაწილეობა ამ პროცესში ნაკლები შედეგის მომტანი და არაეფექტური იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის. თუ ასეთი დიალოგი შედგება, საპარლამენტო პარტიებსა და ხელისუფლებას დიალოგის განმახორციელებლად საკუთარი გონიერი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ, ამასთანავე, მასში ჩართონ უცხოელი დამკვირვებლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი,”- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
კითხვაზე აპირებენ თუ არა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადების გაკეთებას პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობოთა ერთობლივი განცხადების გაკეთება, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია.
“სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. ყველა მათგანი დღეისათვის გაერთიანებულია რომელიმე კონკრეტული გრანტის ან პოლიტიკური პარტიის ირგვლივ. თითქმის ყველა მათგანი აფილირებულია პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამიტომ, არასამთავრობოთა ერთობლივი განცხადების გაკეთება, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია. რაც შეეხება ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის განცხადებას, ჩვენ ვაღიარეთ საქართველოში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობა, ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ამომრჩევლის ნებას. რასაკვირველია, მცირე ხარვეზების გარეშე არჩევები ვერ ტარდება მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალში ცესკო-მ უნდა გაითვალისინოს და გამოასწოროს,”- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.