„კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ღარიბაშვილის დამსახურებაა“

   არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ფრანგული სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების გამო თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმას, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ჩაესვათ. ყოფილმა პრემიერმა უშიშროების საბჭოს მიერ გასულ წელს დიდი რაოდენობით თანხების ხარჯვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოდან ასობით ათასი დოლარი ქრებოდა და ეს ფული უმეტესად ამერიკული და ევროპული ლობისტური კომპანიების მიმართ იყო მიმართული.
„რამდენიმე თვის განმავლობაში წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით კეზერაშვილი. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლება, წლების განმავლობაში მოპარული თანხებით ისინი მაქსიმალურად აფინანსებდნენ ლობისტებს და მედისაშუალებებს ამერიკასა და ევროპაში. იქ პიარდებოდნენ და იქიდან გვაშინებდნენ ჩვენ. მათ იცოდნენ, რომ საზოგადოებაში ნდობა დიდი ხნის წინ დაკარგეს და ამიტომ ამ კუთხით ხარჯავდნენ თანხებს. წინა წელს მხოლოდ უშიშროების საბჭომ 16 მილიონზე მეტი დახარჯა და ბოკერიამ კიდევ 16 თუ 18 მილიონი ლარი მოითხოვა, იმის შვიდი პროცენტი მივეცი და ხმა არ ამოუღია. უშიშროების საბჭოდან ნაღდი ფულით იყო გატანილი 400 000 დოლარი, 200 000 დოლარი და ასე შემდეგ. ეს ფული ევროპასა და ამერიკაში ლობისტებზე მიდიოდა. შეიძლება უფრო დიდი დანიშნულებაც ჰქონდა. ამ ლობირების შედეგი იყო ზუსტად ის, რომ ბევრი დამნაშავის წითელ ცირკულარში ჩასმას ვითხოვდით. ესენი არიან ძებნილები და, კეთილი ინებეთ, ჩასვით ცირკულარში. ამას ვერ ვაღწევდით. ეს მოხერხდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ეს პროცესი იყო 9 წლის განმავლობაში. თქვენ გნებავთ, ერთ წელიწადში აშენდეს ყველაფერი. არც ერთმა სახელმწიფომ არ ჩასვა ცირკულარში და ეს კაცი გულაობდა, როგორც სურდა. იმისთვის, რომ კეზერაშვილი წითელ ცირკულარში ჩაესვათ, ცალკეულ სახელმწიფოებთან ცალკე მუშაობდა ღარიბაშვილი და ლომის წილი ამაში მას მიუძღვის“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების ასეთი ქმედება მოქალაქეების დაუდევრობით ხდებოდა. იმის გამო, რომ საზოგადოებამ დაიქირავა ხელისუფლებად ის, ვინც არ უნდა დაექირავებინა, რასაც შედეგად მოჰყვა, რომ ხელისუფლებამ თვითონვე დაიქირავა მთელი საზოგადოება და ძალადობდა მასზე.
„ჩვენ დავიქირავეთ ხელისუფლება, ის, ვინც არ უნდა დაგვექირავებინა და შედეგად მივიღეთ ის, რომ თვითონ დაგვიქირავა მთელი საზოგადოება, თვითონვე ძალადობდა, თვითონვე ახერხებდა ყველა თანხის აკუმულირებას და თანხების მიმართებას, როგორც მათ სურდათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები