ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე: მოდით, აქცენტი საუბრის შინაარსზე გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე

“თუ ამ ადამიანებს სახელმწიფო უწყება უსმენს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის გავრცელებული ფარული ჩანაწერების წყარო – მოდით, აქცენტი საუბრის შინაარსზე გავაკეთოთ და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც საზოგადოებამ გაიგო არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი ოპოზიციური ძალა.

“მთავარი, რაც საზოგადოებამ გაიგო არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი ოპოზიციური ძალა – ფიქრობენ ერთ რამეს და გარეთ მეორეს ლაპარაკობენ. კონკრეტულად სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ თითქოს “ქართული ოცნება“ პრორუსული, რუსული საქმის განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა იყო. მეგობართან, კოლეგასთან პირად საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი საპირისპიროდ ყოფილა. მოდით, ნუ გადაიტანენ აქედან აქცენტს – რეალურად, ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა, ხოლო გარეთ ლაპარაკობენ, რომ ვართ პრორუსული ძალა. არ ვიცი, ვინ ვის მოუსმინა. არის გარკვეული ფარული ჩანაწერი, რომელიც ცხადყოფს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალა, ყალბი ადამიანებით დაკომპლექტებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები