„ტიხრულმა მინანქარმა ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა“ – „მადონა სავარძელში“, მზესუმზირები და ულევი ფანტაზია უცნაურად საინტერესო იდეებით

ცხოვრობ ყაზბეგში. იქაურია, მოხევე… ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა, ეს სიყვარული სკოლაშიც გაგრძელდა, პირველ კლასში იყო, როცა მისი პირველი ნაქსოვები გამოიფინა.  სკოლის  დასრულების შემდეგ  კი ქარგვის კურსები გაიარა ელისო არაბულთან და ეთერ უროტაძესთან. ტიხრული მინანქრის ორწლიან  კურსებზეც დადიოდა.
ამბობს, რომ მთლი არსებით ხელოვანია – ტიხრულ მინანქარზე მუშაობ, ქარგავ, ქსოვ, ხატავ, ლექსებს წერ და ხელნაკეთ სუვენირებს ამზადებსტიხრულ მინანქარზე და ნაქარგებზე შეკვეთებსაც იღებს. – ხათუნა როსტომაულის პერსონა.
– ხელოვნების სიყვარული  ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, ასე მგონია, დაბადებიდან თან დამყვა.
5 წლის ვიყავი, როდესაც ბებიამ პირველად მასწავლა წინდების ქსოვა, მაგრამ რადგან პატარა ვიყავი და დიდი ზომის წინდების მოქსოვა არ შემეძლო, თოჯინებს ვუქსოვდი და მერე სხვადასხვა რამის ქსოვაც ვისწავლე. როდესაც სკოლაში მივედი, პირველი კლასის მასწავლებელმა სკოლაში გამოფინა ჩემი ნაქსოვები, და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი გამოფენაც იყო…
– სკოლის შემდეგ ქარგვის კურსები გაიარეთ. პირველი ნაქარგი ნამუშევრები…
– ქარგვის კურსები გავიარე უკვე ზრდასრულ ასაკში, მასწავლიდნენ ქალბატონები: ელისო არაბული და ეთერ უროტაძე. დაახლოებით 1-2-თვიანი კურსები იყო, თუმცა ეგ დრო განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, კარგი გამოცდილებაც მივიღე და ბევრი ისეთი რამეც შემასწავლეს, რაც მანამდე არ ვიცოდი.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე ვიცოდი სხვადასხვა ტექნიკით ქარგვა, მაგ: „ჯვრული” და ,„წყლისებური”, ანუ ესენი ჩემით ნასწავლი მქონდა და უკვე ხატებსაც ვქარგავდი, მაგრამ კურსებზე სიარულის დროს, ხევსურული ქარგვის თეორიაც კარგად ავითვისე და კიდევ, „ოქრომკედით” ქარგვაც შემასწავლეს.
ჩემი პირველი ნაქარგი  ნამუშევარი იყო ნატურმორტი და კიდევ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგ ჩვენი სოფლის ეკლესიას შევწირე

– ტიხრული მინანქრითაც დაინტერესდით და კურსებზე იარეთ… რა ადგილი დაიკავა ტიხრულმა მინანქარმა თქვენს ცხოვრებაში?
– ტიხრული მინანქრის შესწავლით, შეიძლება ითქვას, რომ ავისრულე ერთ-ერთი დიდი სურვილი (ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მცოდნოდა ტიხრული მინანქრის კეთება). ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში  უდიდესი ადგილი დაიკავა ტიხრულმა მინანქარმა, რადგან ის ჩემს მთავარ საქმიანობადაც  და, სხვათა შორის, შემოსავლის წყაროდაც იქცა. ბევრჯერ მითქვამს, რომ ტიხრულ მინანქარზე მუშაობით შემოსავალს და სიამოვნებას ერთნაირად ვიღებ-მეთქი.
ასე რომ, ტიხრული მინანქრის შესწავლამ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა…
ტიხრულ მინანქარზე და ნაქარგებზე შეკვეთებს იღებთ. შთაგონება როგორ მოდის?
– უფრო შეკვეთებზე ვმუშაობ, ნაქარგებზეც ვიღებ შეკვეთებს, უმეტესად კი ტიხრულ მინანქარზე ვიღებ შეკვეთებს.
თითქმის ყველა ჩემს ნამუშევარს, თავთავისი პატარ-პატარა ისტორია მაინც აქვს. როცა შეკვეთას მაძლევენ, ვკითხულობ იმ ადამიანის სქესს, ასაკს, პროფესიას, გემოვნებას, რა ფერები უყვარს იმ ადამიანს, ვისთვისაც უნდა გავაკეთო ის კონკრეტული სამკაული, რომ იმის მიხედვით შევარჩიო სამკაულის ვიზუალი…
ერთი შემთხვევა იყო ასეთი: შემიკვეთეს გულსაკიდი, რომელიც საჩუქრად უნდოდათ სკოლაში, ხელოვნების მასწავლებლისთვის და რადგანაც იმ სამკაულის ადრესატი ხელოვნების მასწავლებელი იყო, გულსაკიდზე დავუხატე მხატვრის პალიტრა და ფუნჯი.
ამ სამკაულზე მუშაობა ჩემთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო და სასიამოვნო იყო, რადგან იმ გულსაკიდზე გამოხატული გამოსახულება  ჩემთანაც უშუალო კავშირში იყო და ძალიან ჩემი თემა იყო, ამიტომაც გამორჩეულად დამამახსოვრდა მასზე მუშაობა…
შთაგონება როგორ მოდისო და…  შთაგონებაზე ბევრი რამეა დაკავშირებული ჩემს მუშაობაში, მუშაობა რომ დავიწყო, ყოველთვის, აუცილებლად მჭირდება განწყობა და განწყობა რომ მოვა, მერე შთაგონებას იწვევს. ხან სეზონი, ანუ წელიწადის ის სეზონი, რომელიც იმ მომენტში არის, ხან ამინდი, ხან რამე ისეთი ლამაზის დანახვა, რაც შთამაგონებს ამა თუ იმ სამკაულის შექმნას…
ზოგჯერ ამინდი ან განწყობა ჩემზე ისეც მოქმედებს, რომ გააჩნია, რა განწყობაზე დავდგები. ასე რომ, ვთქვათ, რისი კეთების ხასიათზე მოვალ, მაგ: თუ ქსოვის ხასიათზე ვარ, მაშინ ვერც მინანქარზე ვიმუშავებ, ვერც ვქარგავ და ვერც ვხატავ, ამ დროს მხოლოდ უნდა ვქსოვო, თუ ხატვის ხასიათზე ვარ, უნდა ვხატო, თუ ლექსის განწყობა მოვა, უნდა მაშინვე ლექსი დავწერო…
– ქარგვა, ქსოვა, ხატვა… რელიგიურ თემებზეც ქმნით ნამუშევრებს…
– ხატვაშიც, ქსოვაშიც და ქარგვაშიც, ჩემი ნამუშევრების თემა ძალიან მრავალფეროვანია, რადგან ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, ფანტაზიის უნარიც ხელს მიწყობს, რომ სულ მრავალფეროვანი ნამუშევრები შევქმნა.
ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქარგული ჩანთების დიზაინი ჩემით გამომიგონია.
მიყვარს, როდესაც შემოქმედებითად ვიხარჯები, ჩემს ფანტაზიას ბოლომდე რომ ვაძლევ გასაქანს და ფანტაზიაც ამ დროს ისე უსაზღვროდ ამოქმედდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ძალიან საინტერესოდ უცნაური იდეებიც კი მომდის ხოლმე…
ჩემი ნაქარგებიც სხვადასხვა თემატიკაზეა: ნატურმორტებიც არის, პეიზაჟებიც, ცნობილი მხატვრების ტილოების ასლებიც  და ხატებიც მაქვს მოქარგული, და კიდევ, ხევსურული ნაქარგობაც: ქუდები, ჩანთები…
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, რელიგიურ თემაზეც ვქმნი ნამუშევრებს, ანუ ხატებსაც ვქარგავ და ტიხრულ მინანქარშიც ვაკეთებ ხატებსაც და გულსაკიდ ჯვრებსაც.
ხატებზე მუშაობა განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, ანუ აუცილებლად უნდა იცოდე კანონიკა, რომ ხატის შექმნისას არ დაარღვიო წესი… კანონიკის ცოდნაშივე შედის ფერების ცოდნაც, რადგან ხატებში ყველანაირი ფერის გამოყენება არ შეიძლება და არსებობს კიდევ სხვადასხვა დეტალი, რომლებიც არ უნდა დაარღვიო ხატის შექმნისას, მაგალითად, ხატზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, რომელი წმინდანია გამოსახული, ღვთისმშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამი ვარსკვლავი გამოსახული – მხრებზე და შუბლზე, წმ. მოწამეებს აუცილებლად ხელში ჯვარი უნდა ეკავოთ…
– ყველაზე მეტად თქვენი რომელი ნამუშევარი გიყვართ?
– ჩემი ნამუშევრებიდან გამორჩეულად მიყვარს ბეჭედი, რომელიც ჩემთვის გავიკეთე და რომელზეც მზესუმზირას ყვავილებია გამოსახული, რადგან მზესუმზირები უზომოდ მიყვარს, ჩემი ნაქარგებიდან კი გამოვარჩევდი რაფაელ კონტის სურათს „მადონა სავარძელში”, მისი ქარგვისას ყველაზე მეტად მომიწია წვალებამ, ყველაზე დიდი დრო მის ქარგვას დავახარჯე და ამიტომ გამორჩეულად შემიყვარდა ეს ნაქარგი.
– ხელნაკეთი სუვენირები… რა სუვენირები დაამზადეთ?
– ხელნაკეთ სუვენირებს ზოგჯერ გასართობად ვაკეთებ … სილიკონით, ცხელი წებოთი, მუყაოთი, პლასტელინით, ქაღალდის ხელსახოცებით, და სხვადასხვა მასალით და ნივთით… ათას რამეს ვიყენებ სუვენირების დასამზადებლად…
– ლექსებს მუშაობის პროცესში თუ გვიან, განმარტოებისას? წერთ? ერთი ლექსი…
– რაც შეეხება ჩემს ლექსებს, ვწერ მაშინ, რა მომენტშიც მოდის ლექსის განწყობა… თავისთავად გონებაში მოდის ლექსის სტრიქონები  და რა დროც არ უნდა იყოს, დღე იქნება თუ ღამე, ეგრევე უნდა დავწერო, მუშაობის პროცესში, თავისუფალ დროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე,  ვიღებ ფურცელს და კალამს და გონებაში მოსული სტრიქონები  ფურცელზე გადამაქვს.
ყოფილა შემთხვევა, რომ შუაღამის დროს, დასაძინებლად დაწოლისას, მომსვლია ლექსი გონებაში, მაშინვე წამოვმდგარვარ და ფურცელზე დამიწერია, ყოფილა შემთხვევა, როცა სამზარეულოში ვსაქმიანობდი, ზუსტად მახსოვს, საშობაოდ, ნამცხვარს კრემს ვუსვამდი და მაშინ მომივიდა ლექსი გონებაში, ეგრევე შევწყვიტე ნამცხვრის კრემვა და ფურცელზე გადავიტანე. თანაც ის ლექსი დღემდე ძალიან მიყვარს, მაშინ წინასაშობაო განწყობა მქონდა და ძალიან კარგი განწყობით დავწერე ის ლექსი.
ზოგჯერ ჩემი ლექსის დაწერის მიზეზი მთვარის დანახვაც გამხდარა, ანუ მუზა… სხვათა შორის, მთვარე ხშირად ფიგურირებს ჩემს ლექსებში, მაგრამ როგორც სხვა ნამუშევრები, ჩემი ლექსების თემატიკაც მრავალფეროვანია, თუმცა ბევრი ლექსი არ მაქვს, რადგან სულ რამდენიმე წელია, რაც წერა დავიწყე.
ლექსები სხვადასხვა თემატიკაზე მაქვს: შემოდგომაზეც, გაზაფხულზეც, ზამთარზეც, ბუნებაზეც, ხევზეც, ჩემზეც, თუმცა რომანტიკული ჟანრის ლექსები უფრო მეტი მაქვს, ანუ სიყვარულზე.
ეს კი ჩემი ერთ-ერთი ლექსია:

წამოდი
– – – – – – – – – –
მოდი, მთებისკენ წამომყევ,
ჩვენს მთებში ყოფნა კარგია, 
აქ მზის სხივივით თბილი და
სტუმართმოყვარე ხალხია,
აქ ღმერთთან უფრო ახლოს ხარ,
ცასაც მიწვდები ხელითა,
ისეთი განცდა გექმნება,
ვერც კი აგიღწერ ენითა,
ცისარტყელების ქვეშ დაგსვამ,
მოგისვამ მთის ყვავილებსა,
დაიმახსოვრე – ყოველთვის
ვასრულებ დანაპირებსა,
სუფრას თეოზე გაგიშლი,
მთის წყალს მოგიტან პეშვითა,
მერწმუნე, უცებ დათვრები
მოხევეების ეშხითა,
წამო, მთებისკენ წამომყევ,
ჩემს მთებში უფრო კარგია,
აქ ბუნებასვით ლაღი და
სტუმართმოყვარე ხალხია.

– ტიხრულ მინანქარზე დღეს ბევრი მუშაობს, როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ხელწერა გქონდეთ?
– დღეს ძალიან ბევრი მუშაობს ტიხრულ მინანქარზე და ამიტომ კონკურენციაც ძალიან მაღალია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვახერხებ, ორიგინალობა შევინარჩუნო და ჩემი ნამუშევრები სხვებისას არ ჰგავდეს. ამას ვახერხებ ისევ და ისევ ჩემი ფანტაზიის უნარის დახმარებით…
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ფანტაზიის უნარი საკმარისზე მეტი მაქვს და მაქსიმალურად ვიყენებ მუშაობაში. მირჩევნია ჩემი გამოგონებული გავაკეთო, ვიდრე სხვას მივბაძო და ალბათ ამის გამოა, რომ ჩემი ნამუშევრების რეალიზაცია არ მიჭირს, მუდმივად მაქვს შეკვეთები და მომხმარებლები იმასაც აღნიშნავენ ხოლმე, რომ ჩემს ნამუშევრებში სწორედ ეს ორიგინალური სტილი და განსხვავებულობა მოსწონთ,  რა თქმა უნდა, ხარისხთან ერთად (ცოტა მეუხერხულება, თავის ქებასავით გამომდის).
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც ხელოვნებას მოიცავს, მიტაცებს ფოტოგრაფია, ვერ დავიტრაბახებ, რომ პროფესიონალურ დონეზე ვიღებ ფოტოებს, მოყვარულის დონეზე კი ვახერხებ…
ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, რასაც ლამაზს დავინახავ, ყველაფერს ეგრევე ფოტოს ვუღებ, ბუნებას, ცაზე ლამაზ ღრუბლებს, მზის ჩასვლას და ამოსვლას, ხევს, ფოთლებს, ყვავილებს, განსაკუთრებით კი მიყვარს მწერების ახლო კადრით გადაღება…
ზოგჯერ მე თვითონაც ვქმნი ნატურმორტის მსგავს კომპოზიციებს ფოტოს გადასაღებად.

– ცხოვრობთ ყაზბეგში, როგორ იმოქმედა კორონავირუსის ეპიდემიამ თქვენზე, როგორც ხელოვანზე? ხელი შეგიშალათ თუ პირიქით?
– დაბადებიდან დღემდე ვცხოვრობ ყაზბეგში და ჩემი ყველა ნამუშევარიც ყაზბეგში იქმნება. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, სიმართლე გითხრათ, ჩემს საქმიანობაზე საერთოდ არ უმოქმედია (რაც არ უნდა გაგიკვირდეთ), ჩემი საქმიანობა, ამ 2020 წელსაც ისეთივე ჩვეული რიტმით მიმდინარეობს, როგორც სხვა წლებში, საერთოდ არ მიგრძვნია პანდემიის გავლენა.
ჩემი მომხმარებელი უმეტესად ხევის ადგილობრივი მოსახლეობაა, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები… ამიტომაც არის, რომ ჩემს საქმიანობაზე საერთოდ არ იმოქმედა პანდემიამ… დღესაც კი ერთდროულად 4 შეკვეთაზე ვმუშაობ.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– პერსონალური გამოფენა არასოდეს მქონია, რადგან, ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ და, როგორც კი დავასრულებ ნამუშევარს, ეგრევე მიაქვთ, იმდენი ნამუშევარი აღარ მიგროვდება,  რომ პერსონალური გამოფენისთვის საკმარისი იყოს. საერთო გამოფენებში კი მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა, მაგ: ყაზბეგობაზე, მცხეთობაზე, სხვადასხვა, კულტურული დანიშნულების ობიექტების გახსნის ცერემონიალის დროს გამართულ გამოფენებში….
და ბოლოს, წინასწარ დიდ გეგმებს არასოდეს ვსახავ, მოკლევადიანი, პატარ-პატარა გეგმები მაქვს, რასაც ყოველდღიური ვითარება მოიტანს, დანარჩენს დროს ვანდობ ხოლმე, არ მიყვარს, მოვლენებს რომ წინ გავუსწრო, ყოველთვის ყველაფერში ღმერთის იმედი მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, დრო გვიჩვენებს, რა როგორ მოხდება, თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე, ,„გამოუსწორებელი ოპტიმისტი” ვარ და ყოველთვის მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები