საქართველოში ჩეხეთის საელჩო საქართველოში ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩის, პეტრ მიკისკას ინტერვიუს ავრცელებს.
ინტერვიუში საუბარია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე.
„ვისურვებდი ქართველებს ჰქონდეთ ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, რაც ნიშნავს არა ყოველდღიურ სათაურებს მსოფლიო მედიაში, არამედ ყოველდღიურ განვითარებას, ინსტიტუტების ნორმალურ მუშაობას, ნორმალურ ვითარებასა და მშვიდ ცხოვრებას. სწორედ ამას ვუსურვებ ჩემს ქართველ მეგობრებს.
ღვინო ისეთივე კარგი ან უკეთესიც იყო, ვიდრე ლათინურ ამერიკაში, სამზარეულო ისეთივე გემრიელი ან უკეთესიც იყო, ვიდრე ლათინურ ამერიკაში, ხალხი ისეთივე მეგობრული ან კიდევ უფრო მეგობრულიც იყო, ვიდრე ლათინურ ამერიკაში. ასე რომ, უბრალოდ შემიყვარდა ეს ქვეყანა“, – აცხადებს პეტრ მიკისკა.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს საერთაშორისო ფორუმებზე, ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, და იმედია, მომავალსაც. ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. ეკონომიკურ სფეროში, ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო პოზიტიურია, რადგან საქართველოში ჩეხური ინვესტიციების დიდი ისტორია გვაქვს. მზარდი ეკონომიკური სავაჭრო ბრუნვაა, გვაქვს დიდი ხნის თანამშრომლობა. ჩვენს შორის ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 110 მილიონი ევროა. აქედან 85-86 მილიონი ევრო ჩეხურ ექსპორტზე მოდის და დაახლოებით 25 მილიონი ჩეხეთში ქართულ ექსპორტზე, რაც შეიძლება გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს, რადგან ამის პოტენციალი გვაქვს. საქართველო ვითარდება, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების საჭიროება დიდია. ჩეხეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ საჭიროებას და უზრუნველყოს ყველაფერი, რაც ამ თვალსაზრისით არის საჭირო, თუნდაც დაფინანსების გზით. მეორე მხრივ, ქართული ექსპორტის განვითარება ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ბაზრით და მხოლოდ ექსპორტით შეიძლება განვითარდეს, ხოლო ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობებს იძლევა. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მთელი ეს პოტენციალი და ქართულმა პროდუქტმა ევროპის ბაზრებზე უნდა შეაღწიონ, ჩეხეთის ბაზრის ჩათვლით.
საქართველო არ არის მხოლოდ ის, რაც ტრადიციულად ექსპორტზე გადის. ჩვენ ვიცით ღვინო, ვიცით თხილი, ვიცით სხვა პროდუქტები, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალი არსებობს და უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ მანძილის უარყოფითი გავლენა ევროპულ ბაზრებსა და საქართველოს შორის. მეორე პრობლემა ის არის, რომ ევროპის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ქართული პროდუქცია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას უპირისპირდება, რომელიც ევროპულ პროდუქტებს ბევრად იაფად ახდენს იმპორტირებულ საქონელთან შედარებით. მაგრამ ამ სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, რაც ჩემი აზრით,ნატურალურ წარმოებას უკავშირდება. ეს არის ბიოწარმოება და ამ შემთხვევაში საქართველო მზად უნდა იყოს თავისი პროდუქციის სერთიფიცირებისთვის და ამაშიც ვუჭერთ მხარს საქართველოს. ქართული პროდუქცია ძალიან კარგი ხარისხისაა, მაგრამ ამის შესახებ მცირე რაოდენობის მომხმარებელმა თუ იცის. ასე რომ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს კამპანია“, – აღნიშნავს ელჩი.
მისივე თქმით, საქართველო განვითარების პროგრამის კუთხით პრიორიტეტული ქვეყანაა. ელჩის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გარდაქმნას.
„ჩვენ საკმაოდ ვამახვილებთ ყურადღებას საქართველოზე, მაგრამ რას ნიშნავს იყო პრიორიტეტული ქვეყანა? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი საშუალება, ფინანსური შესაძლებლობები, ადამიანური შესაძლებლობები, ვიდრე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენი პირველი პრიორიტეტი სოციალური კეთილდღეობა, კომპლექსური სოციალური და ჯანდაცვის კეთილდღეობაა. ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გარდაქმნას და ვამაყობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ, როგორიცაა Unicef. მეორე მიმართულება მთიანი რეგიონების განვითარებას ეხება. უკვე მრავალი წელია ვმუშაობთ თუშეთის რეგიონში, ახლა მცხეთა-მთიანეთში გადავდივართ. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ აჭარაში და სამეგრელოში, რაც ასევე მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდეგი სფერო კარგი მმართველობის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით გარემოსა და სხვა სფეროებში. მეოთხე მიმართულება ტრანსფორმაციაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დეზინფორმაციის საფრთხეების გამო“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს გახდეს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებული ქვეყანა.
„ვფიქრობ, ვიშეგრადისა და ბალტიისპირეთის ჩვენს პარტნიორებთან ერთად საკმაოდ წარმატებულად შევცვალეთ რამდენიმე წევრი ქვეყნის განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს ეხება სამხრეთით მდებარე წევრ ქვეყნებს. ასე რომ, დასავლეთში თანდათან უფრო და უფრო ითავისებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერას. ვფიქრობ, ეს მოლოდინები ძალიან რეალისტურია და საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს ევროკავშირსა და ნატო-ში. მეორე მხრივ, ასევე არიან სხვა წევრი ქვეყნები, რომლებიც ვერ ხედავენ ამგვარი განვითარების გადაუდებელ აუცილებლობას და ახლა ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ქვეყნები, რომ ეს მათ ინტერესებშიცაა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სწორი განვითარება საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში შედის. დიახ, ეს რეალისტურია, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს მოხდება. მე ვერ გეტყვით, რომ ეს მოხდება სამ, ხუთ, ათ წელში, არ ვიცი, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს მოხდება“, – განაცხადა ელჩმა.