ანზორ ბიწაძე: საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე ინფორმაციას მივაწვდით, რის შემდეგაც, გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება

“საერთაშორისო ორგანიზაციებს საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ძალიან სწრაფად მივაწვდით”, – ამის შესახებ პარტია “დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის არჩევნების მთავარი საზომი ერთეული არის ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, რომლის მომზადებასაც ორი თვე სჭირდება.

„ძალიან სწრაფად მივაწოდებთ იმ მასობრივ დარღვევებს, რომლებიც იყო. ამის შემდეგ, გარკვეულწილად, მათი დასკვნებიც შეიცვლება. ყოველთვის, არჩევნების მთავარი საზომი ერთეული არის ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, რომლის მომზადებასაც ორი თვე სჭირდება. პროცესი გაართულა იმ ფაქტორმა, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელი, როგორც იყო დაგეგმილი. მარტო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აპირებდა ასზე მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა, სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ჩვენ ამის საშუალება არ მოგვცა. დარღვევა არის ძალიან ბევრი, ოქმები არის ატვირთული, მოსყიდვის ფაქტებს ვუყურებდით პირდაპირ ეთერში. არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ რეალობას და ვუყუროთ, როგორი იქნება საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი, რადგან მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო რჩება. დაველოდებით ეუთო/ოდირ-ის დასკვნას, ეს იქნება საზომი ყველასთვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები“, – განაცხადა ბიწაძემ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და, ჯამურად, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები