„ფოტოალბომში იასამნის  ერთადერთ ფოთოლს ვინახავ – გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმიდან“…

ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მუზის მოფრენასავით მოდიოდა სტრიქონები, შემდეგ ლიტერატურულ გამოცემებშიც გამოჩნდა მისი გვარი. წერდა  სიყვარულზე, სიცოცხლეზე, მარადიულობაზე…
ამ ბოლო დროს კი ხელნაკეთი სამკაულებით დაინტერესდა. ეპოქსიდით მუშაობს, მისი განწყობა და ფანტაზია შემოდგომის ფერების მსგავსია. მოუთმენლად ელოდება გაზაფხულს და ნაირ-ნაირი ყვავილების გამოჩენას, რომ  კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო  სამკაულები შექმნას.
ამბობს, რომ პოეზია მხოლოდ ლექსი არ არის, სილამაზის შექმნ,  ასევეა ხელნაკეთი ნამუშევარიც, თითქმის იგივე განცდა მეუფლება, რაც ლექსის წერის დროს.
სამომავლოდ, სხვა შემოქმედებით სურვილებს   მეუღლესთან ერთად  საერთო პოეტური კრებულის ,,სიყვარულის ბავშვები გამოცემაც დაემატა. იმედი აქვს, რომ ამ სურვილსაც აისრულებს. – პოეტ ქეთი დუღაშვილის პერსონა.

 –  ვეცდები, ცოტა ხნით ბავშვობაში დავბრუნდე… მიუხედავად იმისა, რომ მამაზე დღემდე ნაწყენი ვარ და წლებია ურთიერთობა აღარ მაქვს, უნდა აღვნიშნო, რომ ის ხელოვანია, ჰქონდა საკმაოდ საინტერესო, თავისი ხელით შექმნილი დანების, ხანჯლებისა და ყანწების კოლექცია, უკრავდა ფანდურზე და წერდა ლექსებს, შაირებს…
დედაჩემი უზომოდ შეყვარებულია ბუნებაზე, მზეზე, წიგნებზე… ისიც წერს… როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მძიმედ გადავიტანეთ ეს პერიოდი ყველამ…
– მე პირველად გაგიცანით, როგორც კარგი პოეტი,  ახლა კი უნდა გაგიცნოთ, როგორც ხელოვანი… ადრეც გეხერხებოდათ ხელსაქმე?
– ლექსების წერა საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე, ალბათ 7 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ დავწერე. ლექსს ვერ ვუწოდებ, მაგრამ მუზის მოფრენას უფრო ჰგავდა, სკოლის პერიოდში სულ ვწერდი, გაკვეთილზეც ხშირად დამიწერია ლექსი… ხატვა არასდროს მეხერხებოდა, არც ხელსაქმე..
მონატრებაზე, ბავშვურ სიყვარულზე, ბუნებაზე, ცხოველებზე ჩანახატებს ვწერდი, სამშობლოზე, პატრიოტულ თემაზეც დამიწერია.
პირველი ლექსები
– მახსოვს ჩატარდა კონკურსი, სადაც მონაწილეობა მივიღე ერთი ლექსით და შემდეგ ეს ლექსი კრებულში დაიბეჭდა, საკმაოდ ცნობილი, თანამედროვე პოეტების გვერდით აღმოვჩნდი, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო, ამას მოჰყვა ,,საერთო გაზეთი“, ,,ლიტერატურული საქართველო“ და ,,ლიტერატურული გაზეთი“, სადაც პირველი ჰონორარი ავიღე, კრებულ ,,მზის არილის“ პირველ ტომში ჩემი 20 ლექსი დაიბეჭდა და, რაც ყველაზე მთავარია, მკითხველის სიყვარული, უამრავი საინტერესო მეგობარი შევიძინე.
– თქვენი ლექსების ლირიკული გმირი სიყვარულია
– სიყვარული სიცოცხლესთან, მარადიულობასთან ასოცირდება. შეუძლებელია სიცოცხლე უსიყვარულოდ. ჩემთვის სიყვარული მზეა..
ის სათუთია, როგორც ლილია და ურიგდება მწარე სამართალს“.. – წერთ  ერთ ლექსში სულზე, რომელსაცწყალივით უნდა სიკეთე“…
– ეს ლექსი დიდი ხნის წინ დავწერე, მახსოვს, ამ ლექსით მინდოდა მეთქვა, რომ სული ყვავილივით სათუთია და მოფრთხილება სჭირდება, ის ვერ ურიგდება უსამართლობას, მაგრამ იძულებულია, შეეგუოს… მატერიალიზმი, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ამ ლექსში… საკუთარ თავზეც ვბრაზობ, მინდა სიკეთე ვაკეთო და მაინც მომწონს, როდესაც ოქროს ვიკეთებ… მიუხედავად ყველაფრისა, სული ტკბილია, ვერ ამოვიგლეჯ, ქარს ვერ გავატან..
ამ ბოლო დროს ხელნაკეთი სამკაულების დამზადება დაიწყეთ. როდის გადაწყვიტეთ ეპოქსიდით მუშაობა?
– ეპოქსიდით მუშაობა ცოტა ხნის წინ დავიწყე, მეგობარმა მირჩია, რომელიც თვითონაც პოლიმერულ თიხაზე მუშაობს… ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა სახლში, პატარა ბავშვთან ერთად… რომ ცოტა შემოსავალიც მქონოდა..
ახლა ცუდი პერიოდი დაემთხვა იმ მხრივ, რომ ყვავილები, რომლებიც ამ შემთხვევაში გამოდგება, ნაკლებადაა, თითქმის აღარ არის… ვგულისხმობ კესანებს, იასამნებს, გვირილებს… როდესაც პირველი გულსაკიდი გავაკეთე, არ გამოვიდა, მეორედ ვცადე, მესამედ და გამიტაცა…
საინტერესოა მუშაობის პროცესი, ჯერ მცენარეების შეგროვება-გაშრობას რამდენიმე დღე უნდა, შეიძლება კვირაც… სამი ნივთიდან კარგი მხოლოდ ერთი გამოდის… სამომავლოდ  უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრების შექმნას ვაპირებ. შეკვეთილი მაქვს ყალიბები.
ულამაზესია ფერადფერადი ფოთლებით დამზადებული შემოდგომის აქსესუარები რა განცდას ბადებს ფოთოლი, როცა მას არჩევთ სამკაულისთვის?
– შემოდგომა ულამაზესი, ხასხასა ფერებით გამოირჩევა, მაგრამ  ჩემთვის ასევე ორმაგად სასიხარულო იქნება გაზაფხულის დადგომაც.  ვფიქრობ, ბევრ საინტერესო და ლამაზ ნივთს შევქმნი, ეს იქნება გულსაკიდი, საყურე, კალამი, სამაჯური და სხვა…
ფოთლები, ბუნება, ფერები… ძალიან მიყვარს…
ერთადერთ ფოთოლს ვინახავ ფოტოალბომში, 12 წელი გავიდა მას შემდეგ. იასამნის ფოთოლი გალაკტიონ ტაბიძის სახლ- მუზეუმიდან წამოვიღე… შეიძლება ესეც გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო..
ხომ არ დაგიწერიათ ერთდროულად ლექსიც და თან სამკაულიც შექმნილა?
– ჩემი 2 წლის გოგონა იმხელა ყურადღებას ითხოვს მთელი დღის განმავლობაში, რომ ლექსებს უკვე ძალიან იშვიათად ვწერ, რადგან სხვა განწყობა და გარემო მჭირდება ლექსის დასაწერად.
პოეზია მხოლოდ ლექსი არ არის, სილამაზის შექმნა და ამ სილამაზით ტკბობაა. როდესაც რაღაცას ვქმნი, თითქმის იგივე განცდა მეუფლება, რაც ლექსის წერის დროს…
მეუღლეოთარ გელაშვილი პოეტია. როგორია ორი შემოქმედის თანაცხოვრება?
– ოთო მწერალთა სახლში გავიცანი და, რა თქმა უნდა, ერთმანეთს პოეზიამ დაგვაკავშირა. ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე თავდაყირა დააყენა ანას დაბადებამ, ემოციური მშობლები ვართ და ალბათ ეს ნაწილობრივ, ჩვენი პოეტური სულის დამსახურებაცაა…
მთელი დღის დამქანცველი სამუშაოს მერე, ოთოც იშვიათად ახერხებს ლექსის წერას… თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება…
ძალიან გვინდოდა საერთო კრებულის გამოცემა, სახელიც შერჩეული გვქონდა, ოთოს ერთ-ერთი ლექსის სათაური -,,სიყვარულის ბავშვები”, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხეთ… იმედია, სამომავლოდ ამ ოცნებასაც ავიხდენთ.
– ერთი ლექსი…                                                                                     

***
დაველოდები ღამეს მოთოვილს,                                                       
გზად ნამცვარევი დილაც მეყოფა,
ხეს რომ მოსწყდება ბოლო ფოთოლი,
მე წამოვიღებ სულის მეგობრად..
..და ასე ვივლი, მთელი არსებით
შემოდგომით და თოვლის ლანდებით,
ან უსახურ მზეს დავემსგავსები
და ან, მოთოვილ ღამეს დავდნები..
…და სიხარულიც ასე პირქუში,
ო, მხოლოდ მაშინ შეიცვლის იერს,
შენ თუ ჩამიკრავ, ძვირფასო, გულში,
სიყვარულით და სიმშვიდით მშიერს…

 

თამარ შაიშმელაშვილი


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები