ოთარ ჩხეიძე – ჩვენი დროის უებრო ჟამთააღმწერელი

წლეულს, 28 ნოემბერს, სრულდება 100 წელი დიდი ქართველი მწერლის, ოთარ ჩხეიძის დაბადებიდან. რამდენი ხანია, მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მის მიმართ და აქამდე ვერ მოვუყარე სათქმელს თავი. მასზე წერა, მასთან მიახლოება ჩემთვის ძალიან მღელვარეა, ემოციებს ვერ ვერევი, ვერ ვპოულობ ზუსტ სიტყვებს მისი მწერლური და მორალური გმირობის გადმოსაცემად. იგი, მიხეილ ჯავახიშვილის ან სანდრო ახმეტელის მსგავსად, არ დაუხვრეტიათ კომუნისტებს, ლევან გოთუას ან თამარ წულუკიძის მსგავსად არ გაუციმბირებიათ, მაგრამ ისეთ მარწუხებში მოაქციეს, ისე ტანჯეს და თეთქვეს მისი მოუდრეკელი სული, ან კი როგორ არ გაუსკდა გული?!
ძნელად თუ იპოვით ქართული მწერლობის ისტორიაში ასერიგად ნაწამებ კაცს, ვისაც ჯალათმა კრიტიკოსებმა სიცოცხლე გაუთავებელ ვაებად გადაუქციეს. ეს უნიჭიერესი ქართველი დედაქალაქსაც არ გააკარეს, პროვინციულ ქალაქში გამოკეტეს. ეგონათ, ამით დაადუმებდნენ. ის კი არასოდეს დამცხრალა და სიმართლის ხმას ერთგულებდა ყველაზე უნდობარ და უზნეო დროში.
თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტების ეპოქის ხსოვნა მარტო „ვაზის ყვავილობით“, „გვადი ბიგვათი“ ან „კოლხეთის ცისკრით“ რომ შემონახულიყო, სიყალბის როგორ ფეიერვერკში დავრჩებოდით? ამავე ეპოქაში იქმნება ოთარ ჩხეიძის „ტინის ხიდი“, „ბორიაყი“, „ცხრაწყარო“, „ჯებირი“, „ბურუსი“, „ცთომილნი“, „მეჩეჩი“, „გამოცხადებაი“, „ამაღლება“ და ათობით სხვა რომანი, რომლებიც ღაღადებდა საბჭოეთის ულმობელ და დამაქცევარ ბუნებას.
ოთარ ჩხეიძეს გულს უფატრავდნენ იმითაც, რომ რომანების ბეჭდვას წლობით უყოვნებდნენ. მთავლიტი ფხიზელ მოთვალთვალედ იდგა და მუდამ ეტოქებოდა მწერალს. ოთარ ჩხეიძეს არასოდეს შეუსმენია მათი რეკომენდაციები და ერჩია, წლობით არ ეხილა მის რომანებს დღის სინათლე, თუკი ისინი პირვანდელი სახით არ მიაღწევდა მკითხველამდე. მხოლოდ „არტისტული გადატრიალება“ და მის შემდგომ დაწერილი რომანები გამოსცა მწერალმა მათი დასრულებისთანავე.
ქართულ კინოში განსაკუთრებით ვაფასებ ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვეს“, მე ამ ფილმს ეროვნული კინოს სინდისად მივიჩნევ, რომელმაც მთელი სიმძაფრით გააშიშვლა საბჭოური მიღწევების ანატომია.
ოთარ იოსელიანმა ბრეჟნევის ეპოქის ერთი კონკრეტული მანკიერება ასახა და ამით იქცა იგი ყველაზე სკანდალურ და მოურჯულებელ საბჭოთა რეჟისორად. ოთარ ჩხეიძემ კი ოცი რომანი დაწერა კომუნისტური მძვინვარების ჟამს და ყველა ის მიუტევებელი ხინჯი ასახა, რაც საბჭოთა იმპერიას ახასიათებდა მთელი 70 წლის განმავლობაში. ამიტომ არის ოთარ ჩხეიძე ერთ-ერთი ყველაზე პირუთვნელი მესიტყვე ჩვენს თექვსმეტსაუკუნოვან მწერლობაში. ის გახლავთ ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალი, რომელმაც თავის სიცოცხლეში 24 რომანის, 13 პიესის, ასეულობით ესესა და მოთხრობის შექმნა მოასწრო. მის კალამს ორმოცამდე სიუჟეტი ეკუთვნის და განა ბევრს დაასახელებთ თუნდაც მსოფლიოში მწერალს, ვისაც ამდენი სიუჟეტი შეუთხზავს?! მისი ნაწერების საერთო რაოდენობა 10 000 გვერდს აჭარბებს და იგი ამითაც ტრიუმფატორია ქართულ მწერლობაში. მე აღარაფერს ვიტყვი ენობრივ ნოვაციებზე, რაც ოთარ ჩხეიძის ნებისმიერ ტექსტს ახასიათებს, როგორ ზრდის და აფართოებს იგი ქართული ენის სამანებს.
ოთარ ჩხეიძემ დავით გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის სულისკვეთება:
„ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“
და „ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო“…
იმთავითვე ამოიჭრა გულის ფიცარზე და იქცა საქართველოს პირუთვნელ და მოუსყიდავ მოამბედ, ჩვენი დროის უებრო ჟამთააღმწერლად. ქართულ მწერლობაში თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, „უშიში, ვითარცა უხორცოო“, – ეს იყო ოთარ ჩხეიძე. მან თბილისის ომის წლისთავზე დაწერა და 1994 წელს გამოაქვეყნა რომანი „არტისტული გადატრიალება“, როცა რუსთაველის გამზირს ჯერ კიდევ ემჩნეოდა ომის ნამუსრევი და ნატყვიარი. ეს არის ქართული ხასიათის, მისი გენეზისის მხატვრული გამოსახვის სწორუპოვარი ნიმუში. ავტორმა თავი გადადო იმ ფათერაკიან ჟამს და სამოქალაქო ომის შემოქმედნი, ასევე სხვა თავგამოდებული მაოხრებელნი საკუთარი ქვეყნისა პირდაპირ გვარ-სახელებით მოიხსენია და სამარადჟამო „ქართულ სირცხვილად“ შემოუნახა შთამომავლობას. ჩვენს ლიტერატურას არ ახსოვს ასეთი ბასრი და შემანჯღრეველი რომანი, რომელიც არის მეოცე საუკუნის გვირგვინი და მიხეილ ჯავახიშვილისა და ვასილ ბარნოვის საუკუნის წინანდელი შედევრების ბადალი.
ოთარ ჩხეიძის ნაწერების ოკეანე არის ნამდვილი საუნჯე ეროვნული სულიერებისა. ის იყო ხმალდაუდებელი მეომარი ქართული სულის ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად. თუკი მეოცე საუკუნის პოლიტიკაში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ ეროვნული იდეის უპირველესი მეციხოვნეები, მათი დროის ქართველ მწერალთაგან ოთარ ჩხეიძე იყო ყველაზე დიდი გვემული სწორედ ამ იდეის ერთგულებისა და სიტყვით განვრცობის გამო. სამართლიანია, რომ მერაბისა და ზვიადის გარემოცვაში გვეგულება ანა კალანდაძისა და მუხრან მაჭავარიანის უკანასკნელი განსასვენებელი, მაგრამ იმ შემოქმედებითი და მორალური გმირობისთვის, რითაც ოთარ ჩხეიძემ დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებრიობას, იგი ჭეშმარიტად იმსახურებს მთაწმინდაზე ამაღლებას. მწერლის მოახლოებული საუკუნოვანი იუბილე კი ალბათ ყველაზე შესაფერი დროა ამ საზეო საქმეზე საფიქრელად და მის აღსასრულებლად.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები