ირაკლი ნადარეიშვილი: კასპის ტექნოპარკი უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
კასპის ტექნოპარკი უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კასპში ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამებს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად. მათ შორისაა, პროგრამები როგორც ფინანსებზე წვდომის გამარტივების, მათ შორის, საგრანტო და აქსელერაციის კუთხით, ასევე საგანმანათლებო – სატრენინგო მიმართულებები.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აღნიშნული პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს, არის ტექნოპარკების განვითარება რეგიონებში. კასპის ტექნოპარკი უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ტექნოპარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ტექნოპარკის პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკთან ერთად ასევე პროფესიული სასწავლებელიც გაიხსნა. ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში .
ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის”, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.
ტექნოპარკში ხელმისაწვდომი იქნება ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.