ნათია თურნავა: ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივას

“ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო „სვიანას” გახსნაზე განაცხადა.

სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით გაიხსნა. დღესდღეობით სასტუმროში 32 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. სამომავლოდ, ინვესტორი სასტუმროს გაფართოებასა და პერსონალის 50 კაცამდე გაზრდას გეგმავს.

„ეს სასტუმრო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ბიზნეს გარემოს, ტურიზმის პერსპექტივას. ამავე დროს, აღნიშნული სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან ეფექტურია და ბევრ ასეთ მცირე საოჯახო სასტუმრო და სხვა პროფილის საწარმოებს ეხმარება ამუშავებასა და განვითარებაში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა დაათვალიერა ახლადგახსნილი სასტუმრო, სადაც ასევე მოქმედებს ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ღია აუზი.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა” სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” დაფარავს. სააგენტოს დახმარებით აღებული სესხი 1 მილიონი ლარია, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ – ირაკლი შიოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები