არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელს საზოგადოებას აერთიანებს

“შესაძლოა, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ორი ადამიანის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან, არამედ – მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანლობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან”,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი.

„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელს საზოგადოებას აერთიანებს, ამიტომ, ჩვენ საფუძვლიანად გვაინტერესებს, რატომ არ მოხდა მოლაპარაკების პროცესში ყველა დოკუმენტისა და რუკების გამოყენება, რომელიც საქართველოს უფრო სამართლიან პირობებში აყენებდა?

დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, ჩვენს ოპონენტებს სურდათ, ჩვენი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, რაც თავად გააფუჭეს და დააზიანეს.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საერთოდ გაუგონარი განცხადება, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებით წინსწრებით მისცა ჩვენება საზოგადოებას. შედეგად, კითხვა დღეს მეტია, რომ შესაძლოა, საქმე გვაქვს არამხოლოდ ორი ადამიანის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან, არამედ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. აქ დავეთანხმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ გვაქვს საქმე ეროვნული ინტერესების ღალატთან. დავით გარეჯი არის ზეპარტიული თემა, ჩვენ ამას პარტიული ინტერესების ჭრილში არ განვიხილავთ.”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები