ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები აცხადებენ, აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიების, დაახლოებით, 27 %-ის განთავისუფლება შეძლო და ერთი თვის თავზე მთლიანად აკონტროლებს აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარს, რომლის ნაწილსაც, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში სომხური მხარე აკონტროლებდა. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ჰადრუთი, ფიზული, ზანგელიანი და გუბათლი. აზერბაიჯანის არმია 12-15 კილომეტრით მიუახლოვდა ლაჩინის საგზაო არტერიას, რომლის მეშვეობითაც სომხური შეიარაღებული ძალები მარაგდებიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის არმია უტევს ჯებრაილის მთების, წითელი ბაზრისა და მარტუნის (ხოჯავენდი) მიმართულებებზეც.
სამხედრო საქმის სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, აზერბაიჯანის ამგვარი წარმატება, პირველ ყოვლისა, სომხეთის დაზვერვის არაეფექტური მუშაობით არის განპირობებული. როგორც რუსული გამოცემა – vz.ru წერს, მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებას ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა სათაქვეში, მკვეთრად შემცირდა რუსეთისა და სომხეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობა, რამაც იჩინა კიდეც თავი ყარაბაღში. როგორც გამოცემა წერს, აშკარაა, რომ სომხურ მხარე, ფაქტობრივად, არ იცნობდა აზერბაიჯანული არმიის რეალურ შესაძლებლობებს და, შესაბამისად, არ აქვს ერთგვარი ანტიდოტი, რომელიც აზერბაიჯანული ჯარის უპირატესობას გაანეიტრალებს.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არსენალში არსებული შეიარაღება საკმარისი იყო აზერბაიჯანის ძველი ფორმატის სამხედრო საჰაერო ძალების მოსაგერიებლად, თუმცა, სრულიად უძლური აღმოჩნდა თურქული და ისრაელის წარმოების უპილოტო აპარატებთან საბრძოლველად.
ანალიტიკოსების შეფასებით, აზერბაიჯანმა კარგად გამოიყენა ე.წ. ფრონტის ამოყირავების ტაქტიკა, როცა შეტევა სამხრეთით და არა სომხების მიერ საგულდაგულოდ გამაგრებულ ცენტრში, ანუ ხოჯევანდისა და აგდამის მიმართულებით დაიწყო. როგორც ანალიტიკოსები განმარტევენ, შეტევამ სამხრეთით, რომელიც ნაკლებად მთაგორიან რელიეფზე გადის, აზერბაიჯანს საშუალება მისცა, ფაქტობრივად, სომხური ფორმირებების ზურგში გასულიყო. როგორც vz.ru წერს, ცენტრსა და ჩრდილოეთში გამუდმებული საარტილერიო დაბომბვებით აზერბაიჯანი სომხეთს საშუალებას არ აძლევს, არსებული რეზერვები სამხრეთის მიმართულებით გადაისროლოს.
მხარეთა დანაკარგები
სომხური მხარის ოფიციალური მონაცემებით, ერთთვიან საბრძოლო მოქმედებებს ყარაბაღში 1000-მდე სომეხი ჯარისკაცი და ოფიცერი შეწირა. დაჭრილთა რაოდენობა არ სახელდება. სამხედრო საქმის სპეციალისტთა განმარტებით, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილთა რაოდენობა დაღუპულებს, დაახლოებით, ხუთჯერ აჭარბებს. შესაბამისად, სომხეთს 5 ათასზე მეტი დაჭრილი უნდა ჰყავდეს.
აზერბაიჯანული მხარის ცოცხალი ძალის დანაკარგები უცნობია, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აზერბაიჯანს, როგორც მოიერიშე მხარეს, დანაკარგი უფრო მეტი ექნება.
რაც შეეხება დანაკარგებს საბრძოლო ტექნიკაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა მოწინააღმდეგეს 252 ტანკი გაუნადგურა, ხოლო 53 ერთეული ალაფის სახით დაისაკუთრა. განადგურებულია ქვეითთა 51 საბრძოლო მანქანა, ხოლო 29 ალაფის სახით დაისაკუთრეს. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია 106 ნაღმტყოტცნი, 275 საარტილერიო დანადგარი, 53 ერთეული ტანკსაწინააღმდეგი საშუალება, 82 ერთეული „გრადის“ ტიპის დანადგარი, 2 ერთეული „ურაგანი“, ასევე 47 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, მათ შორის, ს-300 ტიპის 6 დანადგარი. განადგურებულია ასევე 231 სატვირთო ავტომობილი, ხოლო 173 ერთეული აზერბაიჯანულმა მხარემ ალაფის სახით დაისაკუთრა.