Charlie Hebdo-მ ჟურნალის ყდაზე ერდოღანის კარიკატურა განათავსა

ფრანგულმა სატირიკულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ ყდაზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის კარიკატურა განათავსა.

ამ გზით გამოეხმაურა ჟურნალი საფრანგეთსა და თურქეთს შორის ბოლო დროს არსებულ დაძაბულობას, რომელიც ერდოღანის მხრიდან მაკრონის მისამართით გამოთქმულ განცხადებებს უკავშირდება.

თურქეთში კარიკატურას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამით საფრანგეთი “საკუთარი უზნეობისა და სიბილწის” დემონსტრირებას ახდენს.

როგორც ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ინრაჰიმ კალინმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ვგმობთ პუბლიკაციას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის შესახებ. პირად უფლებებზე თავდასხმა  არც იუმორი და არც სიტყვის თავისუფლებაა”.

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც პარიზთან კოლეჯის პედაგოგი, სამუელ პატი მოკლეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის მუჰამედ წინასწარმეტყველზე კარიკატურების გამოქვეყნებას, რადგან ეს სიტყვის თავისუფლებაა.

აღნიშნულმა განცხადებამ არაბულ და მუსლიმურ სამყაროში შეშფოთება გამოიწვია. მუსლიმური ქვეყნების სოციალურ ქსელებში გაისმა მოწოდება, რომ მოხდეს ფრანგული პროდუქციის ბოიკოტირება.

თურქეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა, მას “ავადმყოფი” უწოდა და “ფსიქიკაზე შემოწმება” ურჩია. გარდა ამისა, ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას ფრანგული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

ამის საპასუხოდ, საფრანგეთმა ანკარადან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია.

გუშინ კი ირანულმა გაზეთმა ემანუელ მაკრონის კარიკატურა გამოაქვეყნა და მას “ფრანგი ეშმაკი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები