დეილი ტელეგრაფი – გიორგი გახარია: საქართველო არის ნატოს და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში

დეილი ტელეგრაფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატიას აქვეყნებს, სადაც გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს, როგორც არასდროს, დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მმართველი პარტია არ გადავუხვევს იმ საჯაროდ გაცხადებული მიზნისგან დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით.

“დღეს, როგორც არასდროს, დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის ქვეყნებს და დადგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე. ამ კონტექსტში ნატომ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი უნდა შეასრულოს.

ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთი, მისი როლი და ვალდებულებები.

თავისუფალი სამყაროს ამ საერთო ხედვის ფარგლებში საქართველო მზად არის და შეუძლია, იყოს პარტნიორი. ქართული ოცნების მთავრობა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, ჩვენი თავდაცვის, სამხედრო უნარების და შესაბამისი შესაძლებლობების შემდგომ განმტკიცებაზე და ნატოს ჯარებთან ურთიერთქმედების გაღრმავებაზე. საქართველოსთვის დიდი სარგებელი მოაქვს საერთაშორისო წვრთნებს და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

როდესაც ვლაპარაკობთ რეგინში არსებულ საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ, რომელშიც საქართველოს უწევს არსებობა, ჩვენ ვგულისხმობთ შავი ზღვის ფართო რეგიონს და შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საქართველოსთვის არსებითია, რომ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა აღიარებული იყოს ჩვენი უახლოესი პარტნიორების მიერ, კერძოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის მიმდინარე განხილვების ფარგლებში.

შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულადაა განლაგებული ევროპას, ევრაზიასა და შუა აღმოსავლეთს შორის. შესაბამისად, ამჟამინდელ სტრატეგიულ, სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციას შავი ზღვის ფართო რეგიონში სერიოზული უარყოფითი შედეგები ექნება ყველა ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნისთვის. საქართველო არის ნატოს და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში. საქართველოს, გამომდინარე მისი უნარიდან, მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებს, შეუძლია წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეების შეკავების საქმეში.

მოსკოვი ამჟამად მთელ რეგიონში იყენებს სხვადასხვა ჰიბრიდულ ინსტრუმენტს და ტაქტიკას. მიზანი მარტივია: ამ ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავლენის მოპოვება, დასავლეთთან მათი დაახლოების შეჩერება და რუსეთთან მიმართებაში დაუცველობის გრძნობის გაღვივება. ამ მიზნით, რუსეთი იყენებს სამხედრო ძალას, კიბერსივრცეს, საინფორმაციო ომს, თავსმოხვეულ დიპლომატიას, ტერიტორიული კონფლიქტებით მანიპულაციას, ენერგეტიკული სისუსტეების ბოროტად გამოყენებას, ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას და ბევრ სხვა ჰიბრიდულ ტაქტიკას.

საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, წინ აღუდგეს ამ აგრესიას. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენი საჯაროდ გაცხადებული მიზნისგან დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით.

ეს გამოწვევები ახლახან იყო განხილული საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. ორივე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, წინ აღუდგეს ამ აგრესიას და უზრუნველყოს შავი ზღვის უსაფრთხოება. ეს კი მოიცავს პროაქტიულ ჩართულობას – მაგალითად, რეგიონის პორტებში სამეფო ფლოტის ხომალდების ხშირ ვიზიტებს.

დღეს ომი მიმდინარეობს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, ფიზიკურად. ბრიტანეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არანაკლებ ყურადღებას უთმობს კიბერუსაფრთხოებას. საქართველოს ინფრასტრუქტურა რეგულარულად ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევების სამიზნე. ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1 სექტემბერს, როცა სამიზნედ იქცნენ ჩვენი ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტები. საქართველო ამ ომის წინა ხაზზეა. რა თქმა უნდა, მსგავსი შეტევები გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის და COVID-ის ვაქცინაზე მომუშავე ინსტიტუტების წინააღმდეგაც ხორციელდება.
ბრიტანელი ექსპერტების ფასდაუდებელი დახმარების წყალობით, საქართველოში დღეს მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე. ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი მიმდინარე რუსული აგრესიისგან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ფართო შავი ზღვის რეგიონის დაცვაში.

საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ლიდერის ისტორიული როლის გათვალისწინებით, ითვლება რეგიონის კარიბჭედ. ქართული ოცნება ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა აქციოს საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც. უსაფრთხოების მხრივ ასეთ არასტაბილურ გარემოში ეს შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს და სხვა დასავლელი პარტნიორების მტკიცე და გრძელვადიანი მხარდაჭერის შემთხვევაში.
ქართველი ხალხის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის რეალური გარე საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსკენ შეუქცევადია. ჩვენ, – როგორც მთავრობას, ისე ქართველ ხალხს, – მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბერში ქართული ოცნების ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ამ პროცესს: ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტნიორების წინაშე ლონდონსა და მთელ მსოფლიოში”, – ნათქვამია პრემიერის მიერ.

https://www.telegraph.co.uk/politics/2020/10/16/post-brexit-britain-can-help-secure-black-sea-against-russian/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები