ვახტანგ გომელაური – ზუგდიდში მომხდარზე: ახლა მთავარი მიზანი დამნაშავის დაკავება და დასჯაა

“შსს-მ და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში გუშინ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მიზანი დამნაშავის დაკავება და დასჯაა.

“შსს-მ და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო. შეთანხმება იყო მთავრობასთან, რომ არავინ დაშავებულიყო. მადლობა მინდა, ვუთხრა ავთო გალდავას, ურთულესი გადაწყვეტილება მივიღეთ. 43 მძევალი გავათავისუფლეთ. ახლა მიზანია დამნაშავის დაკავება და დასჯა. გამოძიებაზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები