თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სასიხარულოა ის შედეგი, რაც დადგა, თუმცა, მისივე თქმით, პოლიციელებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან მათ საქმე ბოლომდე აქვთ მისაყვანი.
“გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი კრიმინალი მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული, საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევითა და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნევოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი – საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!”, – აცხადებს კახა კალაძე.
ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.