ევროკავშირმა საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო

ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა, რომელთა შორის საქართველო ამჯერად ვერ მოხვდა.

ევროსაბჭომ ივნისის ბოლოს ევროკავშირში მოხვედრაზე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო და იმ ქვეყნების ჩამონათვალი წარადგინა, რომელთა მოქალაქეებს 1-ელი ივლისიდან შენგენში მოხვედრა შეეძლებოდათ. სიის განახლება ორ კვირაში ერთხელ ხდება, უკანასკნელად მისი გადასინჯვა სექტემბრის ბოლოს მოხდა, სია 30 ივნისს იქნა დამტკიცებული.

ამ დრომდე, საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა, ქვეყანაში ინფიცირების მკვეთრმა მატებამ სურათი შეცვალა.

როგორც Reuters-ი ევროპელი დიპლომატების განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩებმა მიიღეს “გადაწყვეტილება საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღონ, რომლებისთვისაც ევროკავშირის ქვეყნებს საზღვრები ჰქონდათ გახსნილი”.

“ოფიციალური პუბლიკაციის გამოქვეყნება უკვე კვირის ბოლოს არის მოსალოდნელი. ამრიგად, ახალ ჩამონათვალში მხოლოდ 9 ქვეყანა შევა: ავსტრალია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, ურუგვაი სამხრეთ კორეა და იაპონია”,  – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები