უკვე ოცდახუთი დღეა, რაც ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. როგორ ახერხებენ თანაცხოვრებას ეთნიკური აზერბაიჯანლები და სომხები საქართველოში, რომელსაც სრული ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული. ამის გასარკვევად BBC თბილისიდან ორი საათის სავალზე, აზერბაიჯანლებითა და სომხებით დასახლებულ სოფელ ხოჯორნში ჩავიდა. როგორც BBC წერს, გარეგნულად ხოჯორნი სხვა ქართული სოფლებიდან თითქმის არაფრით განსხვავდება. იქაც, როგორც სხვაგან, თვალში წინასაარჩევნო პლაკატები გხვდებათ. საქართველო საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება და აქაურები სოფლის ახალ ამბებსა და მომავალი არჩევნების პერიპეტიებს „ბირჟაზე“ განიხილავენ.
როგორც ადგილობრივები BBC -ის ეუბნებიან, ბირჟა მათი მთავარი თავშეყრისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ადგილია. თუმცა, ყარაბაღსა და იქ მიმდინარე ომს აქ ტაბუ ადევს.
„სოფლის ქვემო ნაწილში სომხები ცხოვრობენ, ზემოთ – აზერბაიჯანლები“, – ეუბნება BBC -ის ხოჯორნის 62 წლის მკვიდრი, ზავენ აშოტიანი.
როგორც BBC წერს, თავდაპირველად, ადგილობრივები ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბოდნენ, თუმცა, კავკასიურმა სტუმართმოყვარეობამ მალევე სძლიათ და დიალოგიც შედგა.
„ურთიერთობა არ გვიჭირს, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ. სახლებშიც ვსტუმრობთ ერთმანეთს, თუმცა, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, თითქოს, ყარაბაღის ამბები არ გვაინტერესებს. უბრალოდ, ვცდილობთ, ამაზე ერთმანეთთან არ ვისაუბროთ“, – ეუბნება ზავენი BBC -ის .
მისი თქმით, ის ხოჯორნშია დაბადებული და 1980 წლის გარდა არ ახსოვს, რომ ადგილობრივები ერთმანეთს ეთნიკური კუთვნილების გამო დაპირისპირებოდნენ. ზავენს წარმოშობით აზერბაიჯანელი ალიკაც ეთანხმება, თუმცა, გვარის გამხელას მაინც ერიდება.
„მე სომეხი ვარ, ეს კი ჩემი მეზობელი და სოფლის მასწავლებელი ჰუსეინია. ჩვენ მშვიდობა გვინდა, არ გვინდა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული“, -ეუბნება ალიკა BBC -ის და ჰუსეინ აბდურახმანოვს მხარზე ხელს ადებს.
„მე აქ ადრე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს. სომეხი თუ აზერბაიჯანელი – გარჩევა არ იყო და არც ახლა ვარჩევთ. სომხური კარგად ვიცი და წერა-კითხვასაც ვახერხებ“, – ამბობს ჰუსეინი.
როგორც BBC წერს, ხოჯორნაში 230 კომლი ცხოვრობს და აქედან 40 ოჯახი აზერბაიჯანულია. განსხვავებული სიტუაციაა მეზობელ ცოფში, სადაც უმეტესად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ადგილობრივებს იქაც საბჭოთა წარსულის ნოსტალგიია აქვთ და იმ დროს იხსენებენ, როცა სპფელში სომხები აზერბაიჯანლები, ბერძნები, ქართველები და რუსები შეძლებულად და მშვიდად ცხოვრობენ. როგორც ირკვევა, იმ დროს აქ მარმარილოს კარიერი ფუნქციონირებდა და მოსახლეობას შემოსავალიც ჰქონდა, სამუშაოს საძებრად აქურობის მიტოვება არ უწევდათ.
„მე აზერბაიჯანლებთან ვცხოვრობ. ჩვენი წინაპრებიც ასე იყვნენ და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც ასე იცხოვრონ. ახლა ჩემი აზერბაიჯანელი მეზობლისგან მოვდივარ, სახლში პატარა პრობლემა ჰქონდა, მოვაგვარე და მოვდივარ“, – ამბობს არსენ ახვერდიანი. მისი თქმით, აქ მაცხოვრებლებს თითქმის ყველას ჰყავს ნათესავი როგორც აზერბაიჯანში, ისე – სომხეთში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობენ.
ადგილობრივების თქმით, თუ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ეს რაღაც ფორმით აქურობაზეც აისახება.
„ ჩვენ ძალიან გვტკივა და გვაწუხებს ყარაბაღის ამბები. ცუდი ერი არ არსებობს და როგორმე უნდა შევძლოთ და მშვიდობამდე მივიდეთ. ჩვენი ვალია, შვილებს კარგი განათლება მივცეთ და სწორ გზაზე დავაყენოთ. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ერთნაირი უფლებებით ვსარგებლობთ. ხოდა, მოდი, პატივი ვცეთ ერთმანეთს“, – ეუბნება BBC -ის ჰუსეინ აბდურახმანოვი.