,,შემოსაზღვრულ იქნა ადგილი და პოლიციური ღონისძიებების მშვიდად ჩასატარებლად მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – ამის შესახებ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, შსს-მ „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
მათი ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 14:21 საათზე შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიებისა და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე, მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.