გოგა ხაინდრავა: საქმე ეხება დავით გარეჯსა და ამ ტერიტორიის გაყიდვის მცდელობას, ესაა ღალატი

“საქმე ეხება დავით გარეჯსა და ამ ტერიტორიის გაყიდვის მცდელობას, ესაა ღალატი”, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს.
ხაინდრავა დავით გარეჯის საკითხს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„მე დავით გარეჯზე 2 ფილმის ავტორი ვარ. კიდევ 2 ფილმზე მაქვს ნამუშევარი. მე იქ 80-იანი წლებიდან დავდიოდი, თვეობით მიცხოვრია იქ.  საქართველოსადმი დავით გარეჯის კუთვნილება იმ დროიდან მოყოლებული კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს  დამდგარა. მე ეს კარგად მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროიდან. ამ ფილმებს რომ ვიღებდი, თვეობით ვცხოვრეობდი იქ. ეს რომ ყოფილიყო აზერბაიჯანის ტერიტორია, მე აუცილებლად გამომიწერდნენ მივლინებას. მართალია, საბჭოთა კავშირი ერთიანი იყო, მაგრამ როცა მიდიოდი სხვა რესპუბლიკაში, მივლინებას გიწერდნენ. არანაირი მივლინება არ ყოფილა. ერთადერთი, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობები, იყო მუზეუმის დირექტორი, ასევე, ქართული გამგეობა თუ რაიკომი. არანაირი პრეტენზია, არც ესიზმრებოდათ აზერბაიჯანელებს არასდროს ალბანურ კულტურაზე ლეგენდა. ესეც კომუნისტი, საბჭოთა ისტორიკოსების მოგონილია იმიტომ, რომ ამ ალბანურ კულტურასთან დაკავშირებით არ არის არცერთი ცნობა, ალბანური კულტურის არცერთი მოღვაწე, პიროვნება არ არის ცნობილი, რომელიც ასე თუ ისე რაღაცას წარმოაჩენდა. ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის, რურუას, კალანდაძის დანაშაულებრივი მოქმედების გამო. ვფიქრობ, კომისიის ყველა წევრი, არა მარტო ის 2 ადამიანი, ვინც დღეს საპატიმროშია, პასუხისმგებელია იმის გამო, რა სურათიცაა დღეს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.
„აბსოლუტური დემაგოგია ის, რომ, თურმე, ეს კარტოგრაფების საქმე ყოფილა. ეს არანაირი კარტოგრაფების საქმე არ არის. მე კარგად მახსოვს 1996 წელი იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირი, აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, ხელი მიმიწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე. როცა დავით გარეჯის კომისია შედგა, ბუნებრივია, დემარკაციის საკითხით ძალიან დაინტერესებული ვიყავი იმიტომ, რომ, როგორც ყველა ქართველის გულში, ისე ჩემს გულშიც არის დავით გარეჯი. იქ ყველაფერი ნათელი იყო. არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით, დავით გარეჯი ვის ეკუთვნის, მაშინ არ იდგა. უბრალოდ, მიდიოდა მუშაობა დანარჩენ პერიმეტრზე. რუკები, რომლებიც მაშინ იყო გამოყენებული, რაზეც შედგა შეთანხმება, მერე შეიცვალა. ზუსტად ეგაა საქმე, კითხვის ნიშანი დგას იმაზე, რატომ შეიცვალა? რამ განაპირობა? ბუნებრივია, ორი მეისრე ამას ვერ გადაწყვეტდა. თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება კულტურის მინისტრ რურუას, ახლა რაღა პასუხი მოეთხოვება, გარდაცვლილია, ასევე, გოკა გაბაშვილს, ნინო კალანდაძეს, ბოკერიას – ყველას ვინც აცხადებდა, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით თვითაღიარებების ავტორი ხდება. მან პირდაპირ ახსენა 2 კვირის წინ მთელი პროცესი, დაასახელა შუამავალი, თანხა, რომელიც ამაში აღებული აქვს. დაასახელა ყველაფერი, რაც მოხდება იმიტომ, რომ მაგან იცის, ძიება ჯერ იქამდე არ მისულა. თქვა, გაჩნდება ჩვენი ჩანაწერები ჩემი მოლაპარაკებების ამ საკითხზეო. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება გამოძიება და ადასტურებს იმას, რასაც ლაპარაკობდა სააკაშვილი“, – განაცხადა ხაინხრავამ.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დადგა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში.
„რა მნიშვნელობა აქვს , როდის დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი? იყენებს ამას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ? შეიძლება, იყენებს.
ვინ არ გამოიყენებდა? მსოფლიოში რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია არ გამოიყენებდა თავისი ოპონენტების მოღალატეობრივ ქმედებას? რა თქმა უნდა, ყველა გამოიყენებებდა, ალბათ, ესენიც იყინებენ. მაგრამ საქმე ეს ხომ არაა? საქმე ეხება თავიდ გარეჯსა და მცდელობას ამ ტერიტორიის გაყიდვასას, ესაა ღალატი. გინდა, არ გინდა, ყველა  – ვინც ამაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობს, ამ პროცესის თანამონაწილე ხდება. გარეჯი 14 საუკუნეა, საქართველოსია და არჩევნები ორ კვირაში გადაივლის. 20 წლის მერე არც ემახსოვრება არავის, ვინ იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში.
იმდენად გაბოროტებულია ეს ხალხი: დღეს დავით გარეჯის საკითხის მიბმა ყარაბაღის კონფლიქტთან და მცდელობა, რომ ტერიტორიული პრეტენზიების სახით წარმოადგინო აზერბაიჯანისადმი, არის ბოროტმოქმედება. არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან არ გვაქვს ისევე, როგორც აზერბაიჯანს არ აქვს ჩვენთან ტერიტორიული პრეტენზიები. ეს არის საკითხი, რომელიც ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ამ ჩვენს ორ ერს ეკადრება. საერთოდ, პრეცედენტი არ არის ჩვენი დაპირისპრიებისა ერთმანეთთან“, – განაცხადა ხაინდარავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები