„შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით, ეროვნული კინოცენტრი ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას ქმნის

„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა „შემოქმედებითი ევროპის“ მედია ქვეპროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (EACEA-25-2019 FILMEDU) მოიპოვა გამარჯვება და გრანტი 205 295 ევროს ოდენობით.
„შემოქმედებით ევროპასთან“ თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორიის მანძილზე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ ისე გაიმარჯვა.
კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი კი მხოლოდ ხუთ მათგანს ერგო. პროექტის პარტნიორები არიან: იტალიის კინოარქივის ფონდი (Fondazione Cineteca Italiana), ჩრდილოეთ ირლანდიის შემოქმედებითი სწავლების ცენტრი (The Nerve Centre) და სერბეთის ეროვნული კინოარქივი (the National Cinèmatheque of Serbia). ოთხივე პარტნიორი 2 წლის მანძილზე ერთობლივად იმუშავებს პლატფორმის შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ ხელმისაწვდომი იქნება პროექტში ჩართული ყველა ქვეყნის ენაზე.

„ისტორია-კინო-ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

პროექტის მონაწილე ქვეყნების მაგალითებზე, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას, ასევე, შეიქმნება იმ ფილმების კატალოგი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მე-20 საუკუნის ისტორიის შესასწავლად.

თანამედროვე ეპოქაში ონლაინსივრცე და თხრობის აუდიო-ვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ, ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში.

„კინო სკოლაში“ არის პროექტი, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი უკვე 6 წელია წარმატებით ახორციელებს. იგი უკვე ორჯერ (2016-2017 და 2018-2020 წლებში) იყო “შემოქმედებითი ევროპის“ ამავე კონკურსში გამარჯვებული პროექტების პარტნიორი.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება. იგი სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები