პაატა იმნაძე: თვითონ უნდა მიხედო თავს – ნიღაბი გაიკეთო, დისტანცია დაიცვა და იმუშაო

“მთელმა მსოფლიომ ისწავლა, რომ ნიღაბი და დისტანცია კარგად იცავს და სხვა შეზღუდვები აღარ არის აუცილებელი. თვითონ უნდა მიხედო თავს – ნიღაბი გაიკეთო, დისტანცია დაიცვა და იმუშაო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგ ქვეყანაში ბრუნდება შეზღუდვები, თუმცა, ცდილობენ, ეს შეზღუდვები ისეთი იყოს, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს.

“რამდენი ხანია, ვიხვეწებით, ყველგან ნიღაბი და დისტანცია გამოიყენეთო, თუმცა, ყველამ ნახა, ბათუმში რაც ხდებოდა. შედეგს, დაახლოებით, 10 დღეში დავინახავთ… რატომ არ გვქონდა პირველი ტალღა? იმიტომ, რომ ყველაფერი გაკეთდა – აკრძალვები იყო დროული, ხალხიც ემორჩილებოდა ამას. მაშინ, როცა არავინ არაფერი იცოდა ამ ვირუსის შესახებ. ეს ხომ გავაკეთეთ? თან – ძალიან კარგად, მაგრამ ასეთი ღონისძიებები მთელი ცხოვრების მანძილზე ხომ ვერ გაგრძელდება? ქვეყანა ხომ უნდა ამუშავდეს? მთელმა მსოფლიომ ისწავლა, რომ ნიღაბი და დისტანცია კარგად იცავს და სხვა შეზღუდვები აღარ არის აუცილებელი. თვითონ უნდა მიხედო თავს – ნიღაბი გაიკეთო, დისტანცია დაიცვა და იმუშაო.

ზოგ ქვეყანაში ბრუნდება შეზღუდვები, თუმცა, ცდილობენ, ეს შეზღუდვები ისეთი იყოს, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს. ჩვენც ამ ღონისძიებებს მივყვებით, ანუ ვცდილობთ, წერტილოვანი შეზღუდვებით გავიდეთ ფონს ისე, რომ თან ქვეყანა განვითარდეს. ეს ჩვენც იმავე შედეგს გვაძლევს, რასაც მთელ მსოფლიოს, ოღონდ იმათ მეორე ტალღა აქვთ, ჩვენ კი, პრაქტიკულად – პირველი. რაც შეეხება ტესტებს, ევროპაში მერამდენე დღეს იგებენ ტესტის პასუხს? ძალიან ადვილი სანახავია, მილიონ მოსახლეზე სად რამდენი ტესტი ტარდება. ეს მონაცემები ინტერნეტშია და ყველას შეუძლია, ნახოს. ნახონ, საქართველო ამ მონაცემებით რომელ რიგშია, რამდენ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაზე მეტ ტესტს ვაკეთებთ მილიონ მოსახლეზე! კარგი ახლა, ნუ მოგვთხოვენ, რომ ყველაფერში ვაჯობოთ მსოფლიოს… ძალიან ძნელია გარდაცვალებაზე საუბარი, მაგრამ იქაც ნახონ, მილიონ მოსახლეზე რამდენია გარდაცვლილი. ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ ნაკლებია ჩვენთან.

ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ დისტანცია. ჩემზე უკეთესად ენტონი ფაუჩიმ თქვა, ხუთი პრინციპი ჩამოთვალა: ნიღაბი, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებისთვის თავის არიდება, მცირე შეკრებები, რომელსაც ვერ ავცდებით, ოღონდ – ღია სივრცეში და ხელების ჰიგიენა. ასე შეგვიძლია, კორონავირუსს ვებრძოლოთ… ზოგი ამბობს, რომ საქართველოში გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ საქართველო აკეთებს იმას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე უფრო მისაღებია. მთავრობაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ჩვენი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით. რაც შეეხება ვაქცინას, ტრამპსაც აქვს იმედი, რომ წლის ბოლოს ვაქცინა იქნება. მოდი, რეალისტები ვიყოთ – არა მგონია, გამოცდილი და ხელმისაწვდომი ვაქცინა ზამთრის ბოლომდე ან გაზაფხულამდე იყოს ჩვენთან”, – აცხადებს იმნაძე და შეკითხვაზე – “განკურნების შემდგომ რა კვალს ტოვებს “კოვიდ-19” ორგანიზმში? – პასუხობს:

“ამაზე უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული. აღმოჩნდა, რომ ვირუსმა შეიძლება, ორგანიზმის ბევრ სისტემაზე იმოქმედოს. მათაც კი, ვინც მსუბუქად გადაიტანა დაავადება, შესაძლებელია, რაღაც პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ორგანოს პრობლემები დარჩეს. ხშირია გემოს დაკარგვა. ზოგს ცოტა ხნით, ზოგს კი უფრო დიდი ხნით უგრძელდება”.

“რაც შეება არჩევნებს – თუ ქუჩაში დავდივართ, სამსახურში, არჩევნებზე რატომ არ უნდა მივიდეთ? მით უმეტეს, რომ ნიღაბი და დისტანცია ყველგან ერთნაირად ეფექტიანია. მთავარია, ჩვენ ნიღაბი გამოვიყენოთ და დისტანცია დავიცვათ. პანიკა არასდროს არის სასარგებლო იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ნერვული სისტემა გაწონასწორებული გვქონდეს. პანიკა ორგანიზმისათვის ძალიან სახიფათოა. და ვისაც ვირუსის არ სჯერა, რა უნდა ვუთხრა? რაღაცას რომ ვიტყვი, ამბობენ, გვაშინებსო. მე არავის ვაშინებ. რა ვუყოთ, ვისაც არ სჯერა, ოღონდ სხვას ნუ შეუქმნის საფრთხეს და თვითონ რაც უნდა, ის ქნას”, – აცხადებს იმნაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები