17 ოქტომბერი სიღატაკის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კაცობრიობის უპირველეს პრობლემად სიღატაკის აღმოფხვრა მიიჩნია. მამა იოანე ვროსინსკიმ ჯერ კიდევ  29 წლის წინ დააყენა მსოფლიო ხალხთა წინაშე აღნიშნული პრობლემა, რომელსაც 1993  წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, და მას შემდეგ, 27 წლის მანძილზე, კაცობრიობა მსოფლიო სიღატაკის დღეს აღნიშნავს, როგორც კაცობრიობის პრობლემას, რომლის გადაჭრის ერთადერთ გზად სახელმწიფოთა მეთაურთა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა მიიჩნევა.

სიღარიბე გაეროს პარამეტრებით რამდენიმე დონედ იყოფა, რომლის ყველაზე დაბალი საფეხური ,,უკიდურესი სიღარიბე”, ანუ სიღატაკეა. მისი ფულადი შესაბამისობა 1,9 დოლარს, ანუ 6 ლარს შეადგენს. მისი დანახარჯის 30% ადამიანის სასურსათო კალათაზე მოდის (2000 კილო კალორიის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს დღის განმავლობაში), დანარჩენი 70% ტრანსსპორტზე, კომუნალურ გადასახადებზე, ტანსაცმელსა და ჯანდაცვაზეა გათვლილი. თუ ადამიანს დღეში 6-ლარიანი შემოსავალი არა აქვს, ის ღატაკად ითვლება. უახლესი კვლევებით, საქართველოში სიღატაკის ზღვრი საგრძნობლად შემცირდა და დრეს ის მოსახლეობის 19,5%-ს  შეადგენს. 2012 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, 30% იყო.

საქართველოში მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიასთან დაკავშირებულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე და  მისი დაძლევის გზებზე  ,,კვირა” ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ მიხეილ ადეიშვილს ესაუბრა:

-მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 8 წლის განმავლობაში სიღატაკის მაჩვენებელი საგრძნობლად, 10,5%-ით შემცირდა, მოსახლეობამ ეს ცვლილება თითქოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ იგრძნო. რატომ?

-როგორც ჩანს, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელიც კი არ აღამოჩნდა საკმარისი კეთილდღეობის განცდისათვის. 90-იანი წლების შემდეგ ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვალა, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და მხოლოდ ის, რომ დღეს საქართველოში გვაქვს 24-საათიანი ელექტროენერგია და შუქი არ მიეწოდება მხოლოდ 2 საათით დღე-ღამეში, აღარ აკმაყოფილებს.

-სიღარიბის მეორე დონე მთელ მსოფლიოში 3,2-დოლარიანი შემოსავლით განისაზღვრება, ხოლო ,,მდიდარი” ღარიბების შემოსავალი-5,5 დღეში დოლარია…

-საინტერესო მთელ მსოფლიოში ,,უთანაბრობის” მაჩვენებელია. განსხვავება ყველაზე მდიდარ და უღარიბეს ფენებს შორის. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ეს ზღვარი მით უფრო მინიმალურია. აქ ითვლება ქვეყნების ღატაკი და უმდიდრესი ფენების შემოსავლები. ჯინის კოეფიციენტით თანაბრობა 0-დან 1-მდე კოეფიციენტით გამოითვლება. 0-აბსოლუტურ თანაბრობას ნიშნავს, 1-კი ნიშნავს იმას, რომ 1-ს აქვს ყველაფერი, სხვებს კი- არაფერი.

-საქართველოში როგორი უთანაბრობის მაჩვენებელი გვაქვს?

-2017 წლის მონაცემებით- 36,4%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თურქმენეთის უთანაბრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 40%-ს შეადგენს, აფსოლუტური სიღატაკის ზღვარზე კი მოსახლეობის 51, 4%-ია.მაგალითად, ბელორუსიაში სიღატაკის მაჩვენებელი 0-ია, 5%-ზე ნაკლები შემოსავალი კი მოსახლეობის 0,4%-ს აქვს.   რაც შეეხება რუსეთს, 2018 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთში ღატაკი მოსახლეობის მაჩვენებელი 0-ს ტოლი იყო,მაგრამ დღეს იქ უთანაბრობის მაჩვენებელი ჩვენზე მაღალია.მეზობელ სომხეთში, ჯინის უთანაბრობის კოეფიციენტი 34,4%-ია, ღატაკი მოსახლეობა კი-2,1%. თუმცა, 5%-ზე ნაკლები შემოსავალი მოქალაქეთა 50%-ს აქვს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც 5%-ზე ნაკლებშემოსავლიანია მოსახლეობის 42,9%.საინტერესოა მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის მონაცემებიც, სადაც უთანაბრობის კოეფიციენტი 26,6 %-ია, ხოლო ღატაკი მოსახლეობა 2005 წლიდან აღარ ფიქსირდება. 5 დოლარზე ნაკლებშემოსავლიანი მოქალაქეების მაჩვენებელი კი ქვეყნის მოსახლეობის 8%-ს აქვს.

-საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის შემოსავლები, იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომლებიც მსოფლოიში ყველაზე მაღალშემოსავლიანებად ითვლებიან.

-2016 წლის მონაცემებით მერიკაში ღატაკია მოსახლეობის 1,2%. დღეში 5 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს მოსახლეობის 2%-ს, ხოლო უთანაბრობის კოეფიციენტი 41,4%-ს შეადგენს.

-როგორია საქართველოში ჯინის მონაცემების სტატისტიკა?

-2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება” მოვიდა, 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავალი, 2019 წლის მოანცემებით, მოსახლეობის 55% აქვს. სიღატაკის მაჩვენებელი კი 30%-დან 19,5%-მდე შემცირდა.

დღეის მონაცემებით უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიო მოსახლეობის 10% ცხოვრობს და მათი ძირითადი რაოდენობა აფრიკულ ქვეყნებზე მოდის.

-თუმცა, მსოფლიოს ყველა კვლევა და აქამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები მსოფლიო პანდემიამ თავდაყირა დააყენა.

-სამწუხაროდ, 2015 წლის მონაცემები, რომელშიც ნათლად აისახა სიღატაკის კლების შემცირების მაჩვენებელი, რამდენიმე თვეში მკვეთრად გაუარესდა. თუ ადამიანებს  20%-ით შეუმცირდებათ შემოსავლები, მსოფლიოში სიღატაკის მაჩვენებელი მილიარდ-ნახევრით მოიმატებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობის ყოველი მე-5 მოქალაქე ღატაკია, მოსახლეობის ნახევარს 5 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რომელსაც დღეში 16-ლარიანი შემოსავალი არ აქვს. 2019 წლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა 246300 მოქალაქეს, ხოლო 200 ლარზე ნაკლები-117 267 ადამიანს, რაც, საერთო ჯამში, 363, 500-ია. რაც შეეხება 500 ლარზე ნაკლებშემოსავლიან მოსახლეობას, მათი რიცხვი 616 000 იყო. ეს რიცხვი ქვეყანაში ხელფასის მიმღებთა ნახევარს შეადგენდა, რაც რიცხობრივად მილიონ 160 000 ადამიანი იყო. წელიწადში 100 000-ლარიანი ხელფასი კი მიიღო ქვეყანაი მხოლოდ 14 449 კაცმა, ხოლო მილიონერთა რაოდენობა საქართველოში 448 ადამიანით განისაზღვრა.

-საშუალო ფენაზე რას იტყვით?

-1500-2000-ლარიან ხელფასი ჰქონდა 101 300 ადამიანს. უმრვლესობას კი-500 ლარზე ნაკლები.

-როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, ცოტას ჰქონდა ბევრი, ბევრს კი-ცოტა?

-აქ მთავარი უთანაბრობის მაჩვენებელია. გაგიკვირდებათ და უთანაბრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აფრიკასა და ამერიკაშია. ამერიკაში სიღატაკის მაჩვენებელი მართალია დაბალია, თუმცა უთანაბრობის მაჩვენებელი-მაღალი. მთელ რიგ სკანდინავიურ ქვეყნებში, ჩეხეთში, 5 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოსახლეობის 0,4 %-ს აქვს. თანაბრობის, სიმდიდრის გადანაწილების მაჩვენებელი მით უფრო მაღალია ქვეყანაში, რაც უფრო ძლიერია მისი ეკონომიკა, მაღალია ცხოვრების დონე.

-ჩვენს ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ, რა გზა შეიძლება ავირჩიოთ სიღატაკის მაჩვენებლის შესამცირებლად?

-მიმაჩნია, რომ მდიდარი მეტად უნდა დაიბეგროს, ღარიბი- ნაკლებად, ან საერთოდ არ უნდა იბეგრებოდეს, მაგალითად 500-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანები საშემოსავლო გადასახადს არ უნდა იღებდეს. პროგრესული გადასახადების სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოში უთანაბრობის მაჩვენებლის შემცირებას. საქართველოში დღეს 400 000 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს. ეს დაახლოებით 30, 60, 80-ლარიანი დახმარებაა. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზანი არა სოციალური დახმარება, არამედ ადამიანის ღირსეული დასაქმება უნდა იყოს. მართ6ალია ყველა ქვეყანაში არსებობს ,,უსაფრთხოების ბადე”, რომელიც ადამიანს, გაჭირვების ჟამს იკავებს მიწაზე დანარცხებისგან და საშუალებას აძლევს მას განაგრძოს ცხოვრება. გამოსავალი ერთადერთი შეიძლება იყოს-ეკონომიკის და მძიმე მრეწველობის განვითარება. დღეს ამ თემებზე პოლიტიკოსები ნაკლებად საუბრობენ. თითქმის ყველა პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შეამცირებს გადასახადებს და გაზრდის პენსიებს, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია და ყველაზე კარგ ზღაპარშიც ვერ მოხდება. გადასახადების შემცირებით ქართული ეკონომიკა ვერ გაჯანსაღდება. თუ მოგების გადასახადს 20-დან 15%-მდე შევამცირებთ, ამით ვერანაირ ეკონომიკურ ეფექტს ვერ მივიღებთ. სახელმწიფომ, ინდუსტრიისა და მრეწველობის განვითარებით უნდა შეძლოს თავისი მოქალაქეების ღირსეული დასაქმება, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს განვითარება. ასეთი ინდუსტრიული პოლიტიკით დააღწიეს თავი სიღარიბეს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, კორეამ, სინგაპურმა და ჩინეთმა.

-რამდენად სწრაფად შეიძლება მივიღოთ ეკონომიკური განვითარების ეფექტი მძიმე ინდუსტრიისა და მრეწველობის ხელშეწყობით?

-ეფექტს ვერ მივიღებთ ძალიან სწრაფად, თუმცა, თუ ამ მიმართულებით განვითრება არ დავიწყეთ, შედეგი არასოდეს დადგება. დღეს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 500 დოლრზე ნაკლებია, რაც 10-ჯერ ნაკლებია განვითარებული ევროპული ქვეყნების მაჩვენებელზე. ასე რომ, სიღატაკის დაძლევა მსოფლიოს უპირველეს პრობლემად რჩება, ქართულმა სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს საკუთარი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე და დაამკვიდროს სრულიად ახალი მიდგომები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ სიღატაკე და უთანაბრობა ქვეყანაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები