მეუფე ვახტანგი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გია უდესიანის ყოფილი სიმამრია

„უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ, ახალი სახე უნდა მოვიდეს“, – ცურტაველმა მიტროპოლიტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გაკეთებული ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიიპყრო მედიისა და საზოგადოების ყურადღება და იმავე საღამოს პოლიტკური თოქ-შოუების მთავარი სტუმარიც გახდა.

მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა ღიად განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაპატიმრებული კარტოგრაფები ქვეყანას ემსახურებოდნენ და მათი ასე გაწირვა არ შეიძლება, თუმცა იქვე განმარტა, რომ პირადად ის საქმის მასალებს არ იცნობს.

მაშინ, როცა სამღვდელოების დიდ ნაწილს სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს, ცურტაველი მიტროპოლიტის ეს განცხადება მყისიერად იქცა მორიგ სკანდალად.

რატომ მორიგ? იმიტომ, რომ მეუფე ვახტანგს სკანდალები არც ამ დრომდე აკლდა, რაც საბოლოოდ მისთვის ეპარქიის ჩამორთმევითაც კი დასრულდა. ახლა ის წმინდა სინოდის წევრია, თუმცა ეპარქიის გარეშე.

რა ვიცით მეუფე ვახტანგზე?

მიტროპოლიტი ვახტანგი, ერისკაცობაში ბადრი ავხლედიანი მღვლად 1977 წელს ეკურთხა. სხვადასხვა დროს იყო აგარაკ-წალკის, ჭყონდიდის, ურბნისის, სამთავისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი. 2013 წლიდან კი გახლავთ ტიტულარული ეპისკოპოსი, ანუ მღვდელმთავარი ეპარქიის გარეშე.

რატომ ჩამოართვეს ეპარქია? ბოლოს მეუფე ვახტანგი მარგვეთის ეპისკოსი გახლდათ (რეზიდენცია ზესტაფონში), თუმცა მას მრევლი აუჯანყდა. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდი იძულებული გახდა ვახტანგ ახვლედიანი მარგვეთის ეპარქიიდან გაეშვა.

ამას წინ უძღოდა მრევლის მხრიდან მღვდელმთავრისა და მარგვეთის სასულიერო პირების მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდებები:

„მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში შექმნილი პრობლემები უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი. იცით, რომ მრევლი მეუფეს ბრალდებად უყენებს მრუშობას, წმინდანთა გმობას და საეკლესიო ქონების მითვისება–გაფლანგვას. მრუშობა ამ ადამიანთან ძნელად დასამტკიცებელი არ არის: 1982 წელს ის ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს ის ეკურთხა ეპისკოპოსად, რის შემდეგაც სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა. 1992 წელს ის ინიშნება მთავარ ეპისკოპოსად, ხოლო 1994 წელს მეორე შვილი უჩნდება (მეუფე ვახტანგის შვილიშვილი გახლავთ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნის, გია უდესიანის ვაჟი).

რაც შეეხება წმინდანთა გმობას, ილია მართალზე ამბობს, რომ ის არ არის წმინდანი, ხოლო წმინდა მამა გაბრიელს, რომელიც სინოდმა ახლახან შერაცხა წმინდანად, ლოთს უწოდებს. ამის დოკუმენტაცია ჩვენ ახლა უკვე ხელთ გვაქვს, რისი დამტკიცებაც შეგვიძლია.

მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო მთელ საქართველოს, წმინდა მამა გაბრიელის წინაშე რომ ჩვენ პირნათელები ვიყოთ, ყველა თავის ეპარქიაში უნდა გამოვიდეს და გამოხატოს თავისი პროტესტი და დამოკიდებულება ამ ადამიანის [მეუფე ვახტანგის] წინააღმდეგ”, – განაცხადა მარგვეთის ეპარქიის მრევლმა, მიხეილ შველიძემ 2013 წელს მრევლის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მარგვეთის ეპარქიაში მსახურობს 4 სასულიერო პირი, რომლებიც მეუფე ვახტანგის მხარდაჭერით სარგებლობენ, მის გარემოცვად ითვლებიან და მრევლს აღსარების საიდუმლოს გამჟღავნებით აშანტაჟებენ.

„მე მინდა ვთქვა ერთი რამ: თვითონ როგორც ცხოვრობს ეს ადამიანი, ასეთივე სასულიერო პირებს ამრავლებს. არის 4 სასულიერო პირი, რომლებიც განაგრძობენ მრევლის დაზომბირება–დაშინებას აღსარების გათქმის შანტაჟით. არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ასეთი აღსარების გათქმის შანტაჟით დაინგრა ერთი ოჯახი. ერთ–ერთ ქალთან ერთმა სასულიერო პირმა დაიკავა ურთიერთობა და ეს ოჯახი დაინგრა. რაზედაც მე ვსაუბრობ, არის საშინელი ფაქტები, პირდაპირ ლოგინში ჩაიგორა ერთ–ერთი ქალი… მე პირადად 50 კაცთან წამომაძახა ჩემი ერთ–ერთი აღსარება”, – აღნიშნა შველიძემ.

 

სწორედ ამ მძიმე ბრალდებების შემდეგ დაატოვებინეს ეპარქია მეუფე ვახტანგ ახვლედიანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები